ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმამ ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა


რუსეთის დუმამ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ახალ პრემიერს ხმა 383-მა დეპუტატმა მისცა, არავინ ყოფილა წინააღმდეგი, ხოლო თავი 41-მა დეპუტატმა შეიკავა.

მიშუსტინის კანდიდატურა ვლადიმირ პუტინმა გუშინ წარადგინა. „პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარა მიხეილ მიშუსტინთან და შესთავაზა, მთავრობის თავმჯდომარე გამხდარიყო. თანხმობის შემდეგ, მიშუსტინის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა განსახილველად სახელმწიფო დუმაში შეიტანა“, იუწყებოდა კრემლი.

მიშუსტინმა დმიტრი მედვედევის თანამდებობა დაიკავა, რომელიც 15 იანვარს მთავრობის სრულ შემადგენლობასთან ერთად გადადგა. მან მედიასთან კომენტარში თქვა: "ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“.

ქვეყანაში გამოცხადებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, ერთ-ერთი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტებაა. ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს იწურება. ამის შემდეგ ის პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის. სწორედ იმავე წლიდან, ახალი საკონტიტუციო ცვლილებების მიხედვით, სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება და პრეზიდენტის ძალაუფლების ნაწილი პარლამენტს გადაეცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG