ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოგრაფიული კრიზისი რუსეთში


დემოგრაფიული კრიზისი რუსეთში

რუსეთის მოსახლეობა 140 მილიონიდან 116-მდე შემცირდება

ოცდაცამეტი წლის მარია მოროზოვა, ორი შვილის დედა, ამბობს, რომ მას და მის ქმარს მესამე შვილის გაჩენის არანაირი საშუალება არ აქვთ. მარია იძულებული იყო მიეტოვებინა კარგი სამსახური, სადაც ის მარკეტინგის სპეციალისტად 8 წლის განმავლობაში მუშაობდა

„მინდა დავბრუნდე სამსახურში, მაგრამ ორშვილიან დედას ჩემი უფროსი აღარ მიღებს. პირველი შვილის გაჩენიდან სამ თვეში დავბრუნდი სამუშაოდ. მაშინ პრობლემა არ შემქმნია. მეორე ბავშვის შემდეგ კი უფროსმა გამომიცხადა, რომ კომპანიისთვის შესაფერისი აღარ ვარ“. განაცხადა მარიამ.

მსგავსი ისტორია ჩვეულებრივი ამბავია რუსეთში. ქალი ძალიან ხშირად იძულებულია არჩევანი ოჯახს და კარიერას შორის გააკეთოს. ეს გარემოება ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს მნიშვნელოვნად აღრმავებს.

კომპანიამ „Standard & Poors” გამოაქვეყნა დემოგრაფიული ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოსახლეობა 140 მილიონიდან 116-მდე შემცირდება. მთავრობას საპენსიო ასაკთან დაკავშირებული ხარჯები 13-დან 25 პროცენტამდე გაეზრდება. შესაბამისად ქვეყნის საგარეო ვალი 2050 წლისთვის 6-ჯერ მოიმატებს.

სერგეი ზახაროვი, მოსკოვის დემოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი, აცხადებს, რომ არსებულ დისბალანსს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც უწყობს ხელს. მისი თქმით, დაავადებით, უბედური შემთხვევით, მკვლელობით თუ თვითმკვლელობით გარდაცვლილთა მაჩვენებელი რუსეთში უტოლდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად კოლუმბია, სადაც ნარკობარონთა შორის პრაქტიკულად ომი მიმდინარეობს. ეს საკითხიც სასწრაფოდ მისახედია, ამბობს ბატონი ზახაროვი.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, თებერვალში განაცხადა, რომ მთავრობა 50 მილიარდ დოლარს გამოყოფს ქვეყანაში შობადობის და მოზარდთა ფიზიკური გაჯანსაღების პროგრამებისთვის. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია სკოლამდელი ასაკის და ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ განათლების პროგრამების, ისევე როგორც, სიგარეტის და ალკოჰოლის მოხმარების შემცირების სუბსიდირება.

ექსპერტი დემოგრაფები აფრთხილებენ რუსეთის მთავრობას, რომ უკვე 2030 წლისთვის ყოველ მომუშავე ადამიანზე ქვეყანაში თითო პენსიონერი იქნება. მთავრობა იძულებული იქნება დროებით საპენსიო ასაკის გაზრდით უშველოს საქმეს. ამჟამად რუსეთში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60-ია, ქალებისთვის კი-55. მთავრობა ასევე შეეცდება მეტი მიგრანტის მოზიდვას. თუმცა, სპეციალისტების თქმით, რუსეთის შემთხვევაში მზარდი ნაციონალიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა ამ საქმეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ მათი სპეციალური გეგმით ქვეყნის მოსახლეობა 2015 წლისთვის 143 მილიონამდე გაიზრდება. ექსპერტების თქმით, ამისთვის ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა გაუმჯობესდეს შობადობის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შემცირდეს ახალშობილთა შორის სიკვდილიანობა და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მიგრანტი მუშახელი მოიზიდონ.

XS
SM
MD
LG