ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკანონმდებლო ინიციატივა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”


საკანონმდებლო ინიციატივა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”
საკანონმდებლო ინიციატივა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”

მწვავე დისკუსიები პოლიტიკურ წრეებში გამოიწვია მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივამ ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”. ინიციატივა მანიფესტაციების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში აღდგენილია ზოგიერთი ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2 თვის წინ, 18 აპრილს სცნო არაკონსტიტუციურად, შესაბამისად ეს ნორმები გაუქმდა.

გაუქმებული ნორმა კრძალავდა ადმინისტრაციული შენობების შესასვლელებთან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას. ახალი კანონპროექტით აკრძალვა ასევე ვრცელდება ყველა დონის სასამართლოების, პოლიციის , პროკურატურის, საპატიმრო დაწესებულებების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების და პორტების შესასვლელებთან მიმართებაში.

” ხელისუფლება ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს სამართალიც და კონსტიტუციაც” - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.

არაკონსტიტუციურს უწოდებს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლილური პარტიიდან თინა ხიდაშელი . მისივე თქმით რესპუბლიკური პარტია შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში ბოლო წლებში დამკვიდრებული ტენდენციით : ყოველი მორიგი მასობრივი აქციის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კანონის გამკაცრება მოყვება , შესაბამისად მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ხორციელდება : ”ახალი ცვლილებებით შეუძლებები იქნება სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობასთან რაიმე აქციის გამართვა”

კრიტიკული შენიშვნები კანონპროექტის მიმართ გამოთქვა პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა : ” - მიხეილ სააკაშვილი დგამს უკანასკნელ ნაბიჯებს იმ გზაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდეს პოლიციური რეჟიმი”.

აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით:

”ცვლილებების მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არის შენობები, სადაც შეზღუდვა არის ლეგიტიმური, რომელიც 20 მეტრის რადიუს უკავშირდება და არის შენობები, სადაც ასეთი შეზღუდვა ვერ დაწესდება” .

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კანონი ხალხისთვის’ თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემთხვევაში კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს რეპუტაცია საზოგადოების თვალში შეილახება. ეს პირდაპირი გამოწვევა იქნება ქართული, ისედაც სუსტი სამართლებრივი სისტემისთვის : ” -ფაქტიურად ამ ნორმების აღდგენა ნიშნავს, რომ ისევ აკრძალული იქნება 20 მეტრის რადიუსში შეკრების ან მანიფესტაციების მოწყობა. ისევ მოუწევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება, ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლა, იქ რიგია, პროცედურები, რომელიც მინიმუმ ერთი წელი, წელიწადნახევარი გაიწელება. ამასობაში ჩაივლის ერთი არჩევნები, ჩაივლის შეიძლება მეორე არჩევნებიც და სავი საქმე მათი მხრიდან გაკეთებული იქნება. ვფიქრობ, აქ სწორედ ეს მიზანია..”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნიკა ლალიაშვილის თქმით, ცვლილებები ფაქტიურად შეუძლებელს ხდის მანიფესტაციების ჩატარებას: ” ხდება 26 მაისს განვითარებული მოვლენების ლეგიტიმაცია. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უგულვებელყოფა, რომელსაც ჩვენ ისტორიული ვუწოდეთ. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს ტაშით მიიღებს და საქართველოში ამით წერტილი დაესმევა ამ ინისტიტუტის და დემოკრატიის არსებობას” .

XS
SM
MD
LG