ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური განწყობა ტამპაში


ყრილობაზე მიტ რომნი ბარაკ ობამას მეტოქედ დაასახელეს

ფლორიდის შტატში შეკრებილი ათასობით რესპუბლიკელმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას კონკურენტი წარადგინა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი პატარა ქალაქ ტამპაში რესპუბლიკელთა ყრილობას ესწრება.

რესპუბლიკელები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ფავორიტი, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი პრეზიდენტ ობამას დამარცხებას შეძლებს. ტამპაში არსებული განწყობის მიხედვით, რესპუბლიკელებში საკმაოდ დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა. განსაკუთრებული სიამაყით მასაჩუსეტელი რესპუბლიკელები საუბრობენ. მიტ რომნი ხომ სწორედ მათი შტატის გუბერნატორი იყო. მათგან მოშორებით ვისკონსინელი რესპუბლიკელები დგანან. ისინი მიტ რომნის თანამებრძოლი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატით პოლ რაიანით ამაყობენ. ეს უკანასკნელი კონგრესში მათი შტატის ინტერესებს იცავს.

„ფანტასტიურია. პოლ რაიანს ყველა იცნობს და ყველამ იცის, თუ როგორი ადამიანია. ის ხვდება ხალხს, საუბრობს მათთან და ის ჩვეულებრივია,“ - ამბობს რესპუბლიკელი ბარტელი.

მიტ რომნიმ პარტიული ნომინაციის მოპოვებამდე თანაპარტიელი მეტოქეები დაამარცხა. მათ შორის იყო ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლიც. ამ უკანასკნელს თავის მომხრეები ჰყავს, რომლებიც ამართლებენ მის პოზიციას სამთავრობო ბიუროკრატიის და დანახარჯების შემცირების შესახებ და, ასევე, საზღვარგარეთ არსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

რონ პოლის ბევრ მომხრე თვლიდა, რომ რომნი და მისი კომპანია მათ პატივისცემით არ ეპყრობოდა. თუმცა, პოლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ფილიპ ჰაფინესი სხვაგვარად ფიქრობს. ის თვლის, რომ რესპუბლიკური პარტია დოქტორ რონ პოლის ღირსეულად მოექცა.

ყრილობის ბევრი დელეგატი ბარაკ ობამას დამარცხების პერსპექტივით უფროა მოტივირებული, ვიდრე თავად რომნის დასახელებით. იუტას შტატის სენატორი ორინ ჰაჩი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური პარტია მიტ რომნის გარშემო დაირაზმება.

ჩვენ ქაოსში ვართ, რადგან ძალიან დიდია ჩვენს ცხოვრებაზე ფედერალური მთავრობის გავლენა, ძალიან ბევრია გადასახადები, დანახარჯები, ბიუროკრატია, კონტროლი ადამიანთა ცხოვრებაზე და მიტ რომნიმ იცის, თუ როგორ მოაწესრიგოს ეს ვითარება,“ - ამბობს ჰაჩი.

ამერიკაში პოლიტიკური პარტიების ყრილობები წლების წინ საკმაოდ დიდ მღელვარებას იწვევდა, რადგან საბოლოო გამარჯვებული ნომინანტის ვინაობა ბოლო ეტაპზე ირკვეოდა ხოლმე.

ტელეკომპანია „სიბიესის“ ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დენ რადერი პოლიტიკური პარტიის ყრილობას 28-ედ ესწრება.

ყრილობაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. თუმცა, ფაქტობრივად, ყველაფერი უკვე ყრილობამდეა გადაწყვეტილი. ამდენად ეს ყრილობები, დემოკრატების იქნება თუ რესპუბლიკელების, უფრო მეტად პროპაგანდის მიზნითაა,“ - ამბობს რადერი.
XS
SM
MD
LG