ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნის საგარეო პოლიტიკის გეგმები


დუვ ზაკჰიმი, „ამერიკის ხმას” რესპუბლიკელი კანდიდატის საგარეო პოლიტიკის გეგმების შესახებ ესაუბრა

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის უნარ-ჩვევები კორპორაციულ სამყაროში ცნობილია, თუმცა, მას საგარეო პოლიტიკაში გამოუცდილების გამო აკრიტიკებენ. რომნის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, დუვ ზაკჰიმი, „ამერიკის ხმას” რესპუბლიკელი კანდიდატის საგარეო პოლიტიკის გეგმების შესახებ ესაუბრა. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, სუზან პრესტო მოგვითხრობს ვაშინგტონიდან.

ბატონმა რომნიმ განაცხადა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ისრაელში შედგება. ივლისში ისრაელში ვიზიტის დროს მან სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი გააკრიტიკა.

„დამასკოს დიქტატორი, რომელიც არც ისრაელის და არც ამერიკის მეგობარი არ არის, საკუთარ ხალხს ხოცავს და ძალაუფლებას სასოწარკვეთილი ებღაუჭება,” - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიტ რომნიმ.

სირიის უსაფრთხოების ძალები და ამბოხებულები წელიწადზე მეტია ერთმანეთს ებრძვიან. საგარეო საკითხებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მრჩევლის, დუვ ზაკჰიმის თქმით, ბატონი რომნი ამბოხებულებს დაეხმარება.

„ბატონმა რომნიმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამბოხებულები იარაღით მოამარაგოს -- ამაში იგულისხმება ფული, რაც, [თავის მხრივ], ნიშნავს ტექნიკას,” - ამბობს დუვ ზაკჰიმი.

ისრაელში ყოფნისას, ბატონმა რომნიმ ირანის ლიდერების მისამართითაც გააკეთა მკაცრი განცხადებები.

„ყველა ზომას უნდა მივმართოთ, რათა ირანის რეჟიმმა ბირთვულ კურსზე უარი თქვას. იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური და ეკონომიკური ნაბიჯები ამის საშუალებას მოგვცემს,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

ირანი ბირთვული გამდიდრების პროგრამას ახორციელებს, რაც, ქვეყნის თქმით, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ზაკჰიმის თქმით, ბატონ რომნის სურს, დარწმუნდეს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ვერ შეძლებს.

„ბატონი რომნი, როგორც ახალი სახე, ახალი საწყისი, უარს ამბობს ‘გამდიდრებაზე, განთავისუფლებაზე’ და, რასაკვირველია, ამ განცხადებას ძალის გამოყენების პირობით ამყარებს. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმედი გვაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება,” - აცხადებს დუვ ზაკჰიმი.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ყრილობაზე, პრეზიდენტმა ობამამ ოპონენტი საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელობის გამო გააკრიტიკა.

„და ბოლოს, არ შეიძლება რუსეთს ნომერ პირველი მტერი უწოდო -- არა ალ-ყაიდას, რუსეთს -- გარდა იმ შემთხვევისა, თუ შენი გონება ცივი ომის პერიოდში არ არის ჩარჩენილი,” - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ბატონმა რომნიმ რუსეთი ამერიკის „ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მტრად” მოიხსენია.

გაეროს უშიშროების საბჭოზე, რუსეთმა სირიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მხარდაჭერილი რეზოლუციები დაბლოკა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. ასევე, უარი განაცხადა ირანის ბირთვული მიზნების შესაჩერებლად უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი შეშფოთება რუსეთთან მიმართებაში იმას კი არ უკავშირდება, რომ რუსეთს მტრად განვიხილავთ - ეს ასე არ არის - არამედ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ რუსეთი არღვევს ადამიანის უფლებებს, არ წყვეტს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიას,” - განმარტავს დუვ ზაკჰიმი.

ავღანეთში წარმოებული ომი კიდევ ერთი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ბატონი რომნი ცდილობს, თავის განსხვავებულ მოსაზრებას გაუსვას ხაზი. თუმცა, ეს არ ეხება შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთების 2014 წლისათვის დაგეგმილ გამოყვანას ავღანეთიდან.

„ამ დროისათვის, 2014 წელი უკვე დადგენილია და ბატონი რომნი მზად არის, დაიცვას ეს პირობა, თუ სამხედრო შენაერთებს არაფერი აქვთ ამის საწინააღმდეგო,” - ამბობს დუვ ზაკჰიმი.

ბატონმა რომნიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ის ჩინეთს ვალუტის მანიპულატორად მიიჩნევს, თუმცა ზაკჰიმის თქმით, რომნი “არ განიხილავს ჩინეთს როგორც არსებულ მტერს.”

რაც შეეხება აფრიკას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის მრცეველი, დუვ ზაკჰიმი განმარტავს, რომ ბატონი რომნი გააგრძელებს იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც [ეკონომიკური] განვითარებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე, პროგრამებს, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG