ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის პრეს მდივანი თანამდებობას ტოვებს


თეთრი სახლის პრეს მდივანი თანამდებობას ტოვებს

პრეზიდენტ ობამას ნდობით აღჭურვილმა მრჩეველმა თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ იგი მალე თანამდებობას დატოვებს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენტ კლაინი ვაშინგტონიდან იუწყება, ობამას ადმინისტრაციაში სხვა საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების სენატის 2004 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, რომელშიც ბატონი ობამა კენჭს იყრიდა, რობერტ გიბსი მის გვერდით მრჩევლისა და პრეს მდივნის ფუნქციებს ასრულებდა. ოთხშაბათს გიბსმა განაცხადა, რომ მალე იგი ადმინისტრაციას დატოვებს.

„მე პრეზიდენტთან მუშაობისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურის საშუალება მქონდა. ბევრ არაჩვეულბრივ მეგობართან და კოლეგასთან ერთად საქმიანობის ეპიცენტრში მუშაობა მიხდებოდა. ამ პერიოდს მე უღრმესი პატივისცემით მოვიხსენიებ,“ აღნიშნა რობერტ გიბსმა.

როგორც მოსალოდნელია, ადმინისტრაციიდან წასვლის მიუხედავად, გიბსი პრეზიდენტის მრჩეველი და კონსულტანტი დარჩება. გიბსი ობამას 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მოსამზადებელ საქმიანობაში აქტიურად ჩართული იქნება.

„ჩემი შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ მე ალბათ ოდნავ უკან დავიხევ და დავისვენებ. ჩვენ ამ სწრაფი ტემპით უკვე დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ გამოსვლების საშუალება მომეცემა. პრეზიდენტსა და თეთრ სახლს რჩევა-დარიგებას არ მოვაკლებ,“ განაცხადა გიბსმა.

საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ობამამ გიბსს ახლო მეგობარი და უახლოესი მრჩეველი უწოდა.

გიბსი თეთრ სახლს თებერვლის დასაწყისში დატოვებს. მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე გიბსის შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდება.

გიბსის შემცვლელად უკვე მის მოადგილეს ბილ ბურტონსა და ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესასთან ურთიერთობების განყოფილების დირექტორს ჯეი კარნის ასახელებენ. ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ პრეს მდივნის თანამდებობის შესავსებად თეთრი სახლი სხვა კანდიდატებსაც განიხილავს.

თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში სხვა საკადრო ცვლილებებიც მოხდება. დღეს ბატონი ობამა ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ახალ დირექტორს დაასახელებს. აღსანიშნავია, რომ ლარი სამერსმა ეს თანამდებობა გასული წლის მიწურულს დატოვა.

ამას გარდა პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დევიდ აქსელროდმა უკვე განაცხადა, რომ იგი ადმინისტრაციას მალე დატოვებს. ორშაბათს მის ადგილს ადმინისტრაციაში ობამას პოლიტიკური მრჩეველი დევიდ პლუფი დაიკავებს.

გუშინ პრეზიდენტის აპარატის მუდმივ ხელმძღვანელად ვილიამ დეილი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ვილიამ დეილი პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციაში ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნიშანდობლივია, რომ გიბსი თეთრი სახლის პირველი პრეს მდივანია, რომელიც ინტერნეტზე მოთავსებულ სოციალურ ქსელებს „თვიტერსა“ და „ფეისბუქს“ ხშირად იყენებს.

XS
SM
MD
LG