ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი: „პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს აკისრიათ“


"პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება", - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

დღეს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე იყო, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა კი რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ენზელ მკოიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.

ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს,
დევიდ კრამერი

2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების დაპირება ხელისუფლებამ გასულ ზაფხულს, ივნისში დაწყებული საპროტესტო ტალღის პასუხად გასცა. კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტიული მანდატები დატოვეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, ასევე დეპუტატებმა თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, სოფო ქაცარავამ, ზაზა ხუციშვილმა და მარიამ ჯაშმა.

"მე იმედი მაქვს, რომ მმართველი ძალა ისე წარმართავს ქვეყანას, რომ ქვეყნისთვის მძიმე პროცესებში არ გადაიზარდოს. არაფერს არ შევუწყობ ხელს, რაც იქნება ქვეყნის კრიზისში შემყვანი", — თქვა ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობის, რომ მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, დარღვევაზე, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

"ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროტესტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ", - ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას და განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემხვევაში არსებობს", - ამბობს კრამერი და მოუწოდებს მხარეებს შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს მანამ, სანამ "ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ.

"სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ", - განმარტავს დევიდ კრამერი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელშიც ამბობს, რომ პარტიაში მიღწეული "მყიფე კონსენსუსის" დასარღვევად "ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა" და მძიმე პერსონალური შეურაცხყოფის ფონზე "მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აივსო", რის შედეგადაც მან ვეღარ მოახერხა "კონსტრუქციულ ველში" მათი დაბრუნება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცესის "შემობრუნება" წარმოუდგენელია და მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება დეპუტატებთან მოლაპარაკებები, უმთავრესი ყურადღება 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებაზე უნდა გამახვილდეს.

ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიიდან თუ მოძრაობიდან პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე ცვლილებების მიღებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ. რუსთაველზე გაშლილია კარვებიც. ნაციონალური მოძრაობის განცხადების თანახმად, 17 ნოემბერს "საერთო სახალხო შეკრება" ჩატარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG