რესპუბლიკელები საგადასახადო სამსახურის პოსტიდან მიმავალ ხელმძღვანელს სტივენ მილერს უტევენ. პარასკევს, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები კონსერვატული „ჩაის სმის მოძრაობას“ მიზნობრივად დამატებით აკონტროლებდნენ, რის გამოც მათ მიერ შევსებული საგადასახადო განაცხადების წარდგენა დაგვიანდა. მილერი რომელიც გასულ კვირას პოსტიდან გადადგა, დაშვებულ შეცდომებს აღიარებს. თუმცა ის აცხადებს რომ, ეჭვი ეპარება იმაში, რომ მისი თანამშრომლები პოლიტიკურად ანგაჟირებულები იყვნენ.
წარმომადგენელთა პალატის საგადასახადო და შემოსავლების კომიტეტის თავმჯომარე დეივი კემპი: ამ კომიტეტისთვის უჩვეულოა, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოს კონგრესის კომიტეტი შეცდომაში განმეორებით შეჰყავს.
საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომიდან ორი დღის შემდეგ სტივენ მილერი კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს რესპუბლიკელებმა სერიოზულ წნეხში გაატარეს. მათ მას პასუხი მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეატყობინა კონგრესს რომ მისი სააგენტოს მოხელეებს კონსერვატული ჯგუფები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა. რესპუბლიკელმა კევინ ბრედიმ მილერს სწორედ ეს მწვავე კითხვა დაუსვა.
კევინ ბრედი: ბატონო მილერ, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კონსერვატული ორგანიზაციები სააგენტომ მიზანში ამოიღო?
მილერმა უპასუხა, რომ გვარებს არ დაასახელებდა, თუმცა მომხდარის გამო ბოდიშს მოითხოვს.
სტივენ მილერი: აქ ადგილი ჰქონდა გულუბრყვილო შეცდომებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ უფრო ეფექტურად შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო.
მას არ სჯერა, რომ მისი თანამშრომლები პოლიტიკურად ანგაჟირებულები იყვნენ და დაამატა რომ ისინი კონსერვატული „ ჩაის სმის მოძრაობის“ გადასახადების განაცხადების შემოწმებას 2010 წლის პერიოდიდან ცდილობდნენ.
რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე დეივი კემპი აცხადებს, რომ ამ სკანდალმა პრეზიდენტ ობამას და მისი ადმინისტრაციის იმიჯი შელახა.
დეივი კემპი: ამ ადმინისტრაციის დროს საგადასახადო სამსახურმა საკუთარი ძალაუფლება გადასახადების აკრეფის საქმეში ბოროტად გამოიყენა. ამან დაანგრია ამერიკელი ხალხის იმედი და ნდობა.
დემოკრატმა კონგრესმენებმა რესპუბლიკელების ტონი გააპროტესტეს და განაცხადეს რომ, არ იქნება სწორი რომ ამ საკითხზე მათ პოლიტიკური ქულები მოიპოვონ და პრეზიდენტ ობამას ამით იმიჯი შეულახონ. დემოკრატი კონგრესმენი ჯოზეფ კროული ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
ჯოზეფ კროული: საჭიროა საკითხს სხვა კუთხიდანაც შეხედონ და პასუხები სხვა მხრიდანაც მიიღონ. უნდა დაისვას კითხვები, მიიღონ ფაქტები და საკუთარი დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანონ.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობით არსებული კომიტეტები სკანდალის გარშემო კითხვების დასმას განაგრძობენ, ხოლო სხვები ამ თემის გამო პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიმართ პრობლემების შექმნას მომავალ თვეებშიც აპირებენ.