ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების მდგომარეობა და მოლოდინი


დევნილი ოჯახების უდიდესი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლში 21 ახალი კომპატქტური ჩასახლება აშენდა დევნილებისთვის, რაც მანამდე არსებულ 49 ჩასახლებას დაემატა. საქართველოს ამ რეგიონში 16 161 ათასი დევნილი ცხოვრობს. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ისინი დღეს განიცდიან, უმუშევრობაა. დევნილი ოჯახების უდიდესი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ სოციალური დახმარება ან დევნილისთვის განკუთვნილი შემწეობაა. რაოდენობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტიდაგან გამოყოფილი ეს დახმარებები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით სადაზღვევო პაკეტს, რაც სოციალურ დახმარებას ავტომატურად მოჰყვება.
რით და როგორ ცხოვრობენ დევნილები დღეს, რა ცვლილებებია მათ რეალობაში და რა მოლოდინები აქვთ. ამის თაობაზე რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. სოფო მელქუაშვილი, რომელიც დისევიდან დევნილია, ახლა კარალეთის ჩასახლებაში ცხოვრობს მეუღლესთან, დედამთილთან და მამამთილთან ერთად. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ მისმა ოჯახმა გაურკვევლობის გამო დევნილის შემწეობიდან სოციალურ დახმარებაზე გადასვლა ვერ შეძლო მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, დევნილისთვის ამგვარი არჩევანი მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული. სოფო მელქუაშვილი ჩვენთან იმის თაობაზეც წუხს, რომ დევნილი ოჯახების უმეტესობას ბუნებრივი აირის გადასახადი აქვთ დაგროვილი, რომელთა დაფარვა ოჯახებისთვის შეუძლებელია, შემოსავლების უქონლობის გამო. „აქ როდესაც შემოვსახლით, მე განცხადება შევიტანე სოციალური დახმარების მისაღებად. არ ვიცოდი, თუ სააკაშვილის ბრძანებით, დევნილებს შეიძლებოდა პირდაპირი წესით დანიშვნოდათ ეს დახმარება. მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, მეუღლესაც დიაბეტი დაემართა. მოვიდნენ შემოწმებაზე აგენტები, რომლებმაც აღწერეს ჩვენი სახლი, მათ შორის გაზქურა, მაცივარი, წყლის გამათბობელი, რაც ყველა დევნილს სახელმწიფომ გადასცა კოტეჯებში შესახლებისას. იმ დროისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი, პედაგოგი გახლავართ და შემცირებაში მოვყევი. ჩემი მეუღლე და მამამთილი პენსიონერები არიან, უმუშევრები ისინიც. სოციალური დახმარების სააგენტოდან 95 000 ქულა მივიღეთ. მოგვთხოვეს სააგენტოში ნაჩუქრობის თაობაზე ცნობა იმ ნივთების, რაც სახლში გვქონდა. აღმოჩნდა, რომ მიღება–ჩაბარების აქტშიც შეცდომებია, ერთ–ერთმა ორგანიზაციამ, „ქეამ“, რომლებმაც გაზის გამათბობლები დაგვირიგა, არ მოგვცა ცნობა, გვითხრეს, ნაჩუქრობის ცნობას არ ვიძლევითო. ვერაფრით შევაგროვეთ ცნობები. სააგენტოში მხოლოდ ჩემი მეუღლის ავადმყოფობის ცნობა მივიტანე, რადგან ინსულინდამოკიდებულია. ამის შემდეგ, ჩამოგვიწიეს 75 ათას ქულამდე. არ ვიცით, კიდევ შემოწმებები რომ წავიდეს, მივიღებთ შემწეობას? ხალხი ამბობს, რომ გაორმაგებული თანხა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს დაენიშნებათ და დევნილის სტატუსის მქონესთვის არაფერი შეიცვლებაო. რატომ გვყოფენ კატეგორიებად, ვერ გავიგე,“– ამბობს სოფო მელქუაშვილი.
ოქროპირიძე იოსები, რომელმაც 2008 წელს სახლი დისევში დაკარგა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემები არ აწუხებს, რადგან „მოსახდენი უკვე მოხდა“, ყველაფერი დაკარგა, ახლა კი ცხოვრება თავისთავად გრძელდება: „ბევრია მისაღწევი, მაგრამ ახლა ვის ავუტირდეთ ჩვენ? მინდა ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო და ასე ვარ. არ ვემდურები არავის. სასაყვედურო აქ რაა? მოსახდენი მოხდა და დამთავრდა. არაფერს არ ვისურვებდი. ჯერ–ჯერობით არაფერი შეცვლილა, თუმცა თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. მომავლის იმედი ვის დაუკარგავს“.
უმუშევრობის, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, ეს ის საკითხია, რომლის თაობაზე ჩვენან ნონა ნიკოგოსოვიც საუბრობს, რომელიც ქურთადანაა დევნილი: „ძირითადად თავს ვირჩენთ სოციალური დახმარებით, ან დევნილის შემწეობით. პატარა მიწის ნაკვეთებიც აქვთ ხალხს. ვისაც პენსიონერი ჰყავს ოჯახში, ეს მათთვის დამატებითი თანხაა. ამ ტერიტორიაზე ადრე მეხილეობის საცდელი სადგური იყო, დევნილების ჩასახლების შემდეგ ეს მიწები დაანაწილეს. ვისაც ხილიანი ადგილი შეხვდა, 15 მეასედი მიიღო, ვისაც ცარიელი, 22 მეასედი.“
ოქტომბრის არჩევნებამდე არაერთი ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებდა იმის თაობაზე, რომ დევნილთა ჩასახლებები მედიისთვის და გარეშე პირებისთვის დახურულია. ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი, რა პრობლემების წინაშე დგანან, შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე გახმაურებული შემთხვევაც, როდესაც ჟურნალისტებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები მას შემდეგ, რაც დევნილთა ჩასახლებებში კამერებით შესვლას შეეცადნენ. აღნიშნულ ფაქტებზე აღძულ სისხლის სამართლის საქმეებში დამნაშავეებიც გამოიკვეთა, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებსაც სხვადასხვა სახის სანქცია შეეფარდათ. დღეს დევნილებთან საუბარი გართულებების გარეშეა შესაძლებელი. ჩასახლებაში მისულ უცხო ადამიანებზე კონტროლს არავინ ითხოვს და დევნილებიც გაცილებით გახსნილად საუბრობენ.
XS
SM
MD
LG