როგორც ამერიკის ხმის რუსული რედაქციის კორესპონდენტი ვიქტორია კუპჩინეცკაია იუწყება, 16 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გასული ოთხსაათნახევრიანი „ცხელი ხაზის“ დროს პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის კითხვა-პასუხებმა რუსეთის მოქალაქეებთან უნებლიეთ საბჭოთა დროინდელი დეტექტიური სერიალის „შეხვედრის ადგილი უცვლელია“ შესახებ მოგვავონა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ როცა პუტინს მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს,მან შემდეგი პასუხი გასცა: „რაც შეეხება ხოდორკოვსკის, მე ამ თემას უკვე არაერთხელ შევეხე...როგორც ვლადიმირ ვისოცკის ცნობილი პერსონაჟი იტყოდა, ქურდი ციხეში უნდა იჯდეს.“
რამდენად ემსგავსება პუტინ-მედვედევის ურთიერთობა ხსენებული დეტექტივის გმირების საბჭოთა გამომძიებლების ჟეგლოვისა და შარაპოვის ურთიერთობას? ამ კითხვით რეპორტაჟის ავტორმა ექსპერტებს მიმართა.
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მდებარე მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტი პაველ ბაევი ამ ანალოგიას სრულად არ იზიარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ფილმთან გარკვეული პოლიტიკური პარალელების გავლება მართლაც შეიძლება.
„გარკვეულ მომენტებში განსხვავება არც შეინიშნება. მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, თუ როგორ წარადგენენ ისინი საქართველოსთან ომს წმინდა სტილისტური თვალსაზრისით. ანდა რა ფრაზეოლოგიას იყენებენ ისინი წესრიგის დამყარებასა და დემონსტრაციების აღკვეთასთან დაკავშირებით - აქაც არანაირ განსხვავებას არ ვხედავ. მაგრამ როცა ლაპარაკია ხოდორკოვსკის საქმეზე, მედვედევი ამგვარი გამოთქმებისგან ყოველთვის თავს იკავებს. ის არგუმენტი, რომ მას თითქოსდა სისხლში აქვს გასვრილი ხელები და რომ ‘ქურდი ციხეში უნდა იჯდეს’ - ყოველივე ამას მხოლოდ და მხოლოდ პუტინი იმეორებს,“ აღნიშნა რუსმა ექსპერტმა.
ევროპაში მცხოვრებ რუს პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მედვედევი აზრებს უფრო რბილად გამოხატავს ვიდრე პუტინი. „’გადატვირთვასთან’ დაკავშირებულ გამოსვლებს, ლისაბონში გაკეთებული განცხადებების ჩათვლით, საზოგადოებას მედვედევის ხაზად წარუდგენენ. ამ მიმართულებისგან განსხვავებით პუტინის სტილი მიუნხენში გაკეთებულ გამოსვლაში გამოიხატა,“ აღნიშნა ბაევმა.
ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შორის კონფლიქტი გარდაუვალია? პაველ ბაევის აზრით კონფლიქტი სტრუქტურული თანაფარდობით აიხსნება. „ძალაუფლების სისტემა ერთპიროვნულ მართველობაზეა დამყარებული. მთელი ეს იერარქია, მთელი ეს პირამიდა ერთ ხელმძღვანელს ექვემდებარება. ხოლო რაც შეეხება პიროვნულ კონფლიქტს, ცხადია, რომ თავდაპირველად ყველაფერი რიგზე იყო და ურთიერთობები კონსტრუქციული და მეგობრული იყო. მაგრამ მდგომარეობა იცვლება. ეს შეთანხმება ხომ მხოლოდ ოთხ წელზეა გათვლილი და ამდენად ცვლილებების გარეშე შემდგომ ოთხ წელზე მისი გაწელვა უბრალოდ შეუძლებელია. თუ მედვედევს ხელახლად აირჩევენ, მას მისი თანამდებობის აღქმა უდავოდ შეეცვლება. თუკი პუტინი დაბრუნდა, მაშინ სულ სხვა მდგომარეობა შეიქმნება, რომელშიც მედვედევისთვის სათანადო ადგილის გამონახვა რთული იქნება. ორივეს მშვენივრად ესმის, რომ ტანდემის გაგრძელება შეუძლებელია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მისი გარდაქმნა? სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს დღევანდელი დაძაბულობის მთავარ წყაროს,“ აღნიშნავს პაველ ბაევი.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ მედვედევის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ დმიტრი მედვედევი „მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის კენჭის ყრაში დაინტერესებულია.“ დვორკოვიჩის თქმით, ამ მიზნით მედვედევი და პუტინი „მოლაპარაკებებს გამართავენ.“ თუმცა საკითხავი რჩება ის თუ როგორ ესახება დვორკოვიჩს ამგვარი „მრგვალი მაგიდა“ რომლის დროსაც ორი პირი რუსეთის ბედს განსაზღვრავს.
მოსკოვში მდებარე კარნეგის სახელობის ფონდის წარმომადგენლობის ექსპერტი ნიკოლაი პეტროვი, რომელიც სტატიის სათაურით „რუსეთში სახელმწიფო მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების ‘ტანდემური’ სისტემა“ თანაავტორი გახლავთ, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი მართვის სისტემა არაეფექტურია რადგან მასში ყველაზე გავლენიანი ჯგუფების ინტერესების დამაბალანსებელი მექანიზმი არ არსებობს.
16 დეკემბერს გამართული ტელემარათონის დროს რუსეთის პრემიერ მინისტრმა მაყურებლებს გაბედულად განუცხადა, რომ მას გეგმები 2035 წლისთვისაც გააჩნია. აღსანიშნავია, რომ 2035 წელს ვლადიმირ პუტინს 83 წელი შეუსრულდება.