ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუერტო-რიკოს გუბერნატორი 2 აგვისტოს გადადგება


თითქმის ორკვირიანი მასობრივი, აგრესული ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხშაბათს, გვიან ღამით პუერტო-რიკოს გუბერნატორმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. რიკარდო როსელომ თქვა, რომ ის 2 აგვისტოს დატოვებს თანამდებობას. დედაქალაქი განცხადებას ოვაციებით შეხვდა.

ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც ადგილობრივი მთავრობის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, როსელომ განაცხადა, რომ თუკი ის თანამდებობაზე დარჩება, მისი ადმინისტრაციის მიღწევები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ის პირველი გუბერნატორია, რომელიც თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც 1947 წელს ამერიკის ტერიტორიაზე გუბერნატორის პირდაპირი წესით არჩევა დაიწყეს. მას ამ პოსტზე იუსტიციის მდივანი, ვანდა ვასკესი შეცვლის. ის არ არის სახელისუფლებო ხაზში მეორე, თუმცა ამ "მემკვიდრეობით რიგში" ის მას შემდეგ დაწინაურდა, რაც სახელმწიფო მდივანი, ლუის რივერა მარინი ონლაინ-საუბართან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა. სწორედ ამავე სკანდალმა იმსხვერპლა საბოლოოდ გუბერნატორიც.

როსელოს წინააღმდეგ საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც კუნძულის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა გუბერნატორისა და მისი მთავრობის წევრების და თანაშემწეების, დაახლოებით, 900-გვერდამდე ონლაინ მიმოწერა გაასაჯაროვა. ამ მიმოწერაში ისინი 2017 წლის ქარიშხალ მარიას მსხვერპლებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. როსელოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კი მიზოგენური და ჰომოფობიური გამონათქვამები იყო გამოყენებული. მთავრობის არაერთი წევრი ამ სკანდალთან დაკავშირებით უკვე გადადგა. სასამართლომ კი როსელოსა და მისი 11 პოლიტიკური მოკავშირის ტელეფონების შემოწმების ორდერი გასცა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირის დასაწყისში როსელო მისი "სრულიად არაკომპედენტური მმართველობისთვის" გააკრიტიკა. მან გუბერნატორისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ ქარიშხალ მარიას შედეგებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო გაილაშქრა. ქარიშხლის შედეგად 2017 წელს 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა, კუნძული კი თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG