ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტი მძიმედ დაჭრა


ჰონგ-კონგში დემონსტრაციები გრძელდება. ორშაბათს საპროტესტო აქციაზე პოლიციელმა ერთ-ერთ მათგანს ესროლა და მძიმედ დაჭრა. გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელი ნიღბიანი დემონსტრანტის დაკავებას ცდილობდა და შემდეგ ის ცეცხლს უხსნის მეორე დემონსტრანტს, რომელიც მათ უახლოვდებოდა.

ჰონგ-კონგის პოლიცია ადასტურებს, რომ ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. საავადმყოფოს პერსონალი აცხადებს, რომ დაჭრილი პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ ერთი დაშავებული პირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც მომიტინგეებთან შელაპარაკების შემდეგ, ცეცხლი მოუკიდეს. სამართალდამცავებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები უკვე 5 თვეა გრძელდება. უქმეებზე გამართული აქცია კი ორშაბათსაც გაგრძელდა და დემონსტრანტების ნაწილმა გზების და სარკინიგზო ხაზების ნაწილი გადაკეტა, დაზიანდა რამდენიმე ბიზნესიც. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა იმისთვის, რომ ქალაქის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დემონსტრანტები დაეშალა.

ჰონგ-კონგის მმართველმა კი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ძალადობა მხარეებს პრობლემის გადაწყვეტას არ სთავაზობს და ამგვარად დემონსტრანტები ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებენ.

საპროტესტო ტალღა ზაფხულში, იმ კანონპროექტის თაობაზე აგორდა, რომელიც ეჭვმიტანილების ჩინეთში გადაგზავნას ითვალისწინებდა, სადაც ისინი სასამართლოს დაელოდებოდნენ. მოგვიანებით კი საპროტესტო აქციები დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობაში გადაიზარდა.

ჰინგ-კონგს ძლიერი, ოფიციალური ავტონომია აქვს ჩინეთისგან და ის ფუნქციონირებს პრინციპით - "ერთი მთავრობა, ორი სისტემა" - შეთანხმებით, რომელსაც 1997 წელს მიაღწიეს, ჩინეთის მიერ ბრიტანეთისგან ჰონგ-კონგზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ. თუმცა პოლიტიკური აქტივისტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პეკინი უფრო და უფრო ამკაცრებს კონტროლს და ცდილობს ტერიტორიაზე ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების შელახვას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG