ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალი თუ ციხე?


ცხინვალის ციხეში 5 ქართველი რჩება.

ცხინვალის ციხეში ამ დრომდე ხუთი ქართველი რჩება. საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევით გადაკვეთენ საზღვარს, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. განთავისუფლების ფაქტებს ბოლო პერიოდში ადგილი მართლაც აქვს. ორიოდე დღის წინ ცხინვალის ციხე საქართველოს 2 მოქალაქემ დატოვა. ისინი იქ ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფრო ვლადიმერ ჯუღელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ზოგჯერ ქართველები არაკონტროლირებად მხარეს სამუშაოს მიღების მიზნით გადადიან. ცხინვალის ციხეში კი იმ დროს ხვდებიან, როდესაც გასამრჯელოს აღების დრო მოდის. შესრულებული სამუშაოს შემდეგ დამქირავებელი მილიციას მიმართავს და ხელფასის მიღების ნაცვლად უდანაშაულო ადამიანები ციხეში ხვდებიან. ასე მოხდა ბოლო შემთხვევის დროსაც.

ზურაბ ბოლაშვილი, დიცის თემის რწმუნებული ამბობს, რომ მისთვის უცნობია ისეთი ფაქტები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი სამუშაოს მოძიების მიზნით გადაკვეთეს. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ცხინვალისპირა სოფლებს სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ, ხშირია შემთხვევები, როცა ჩვეულებრივი მოქალაქეები საზღვარს თვითნებურად არხის გაჭრის მიზნით გადაკვეთენ. „მე არ ვამართლებ ამ ადამიანებს, მაგრამ ისინი სიცოცხლის რისკის ფასად ეგრეთ წოდებულ საზღვარს გადაკვეთენ და ცდილობენ სარწყავი წყლისთვის არხი გააკეთონ, მათი ნარგავები რომ არ გახმეს. გაბრაზებულ, ან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია ასეთი რამის ჩადენა, იტყვის, რაც იქნება იქნება, წავალ და წყალს გამოვიყვანო, თუმცა სამუშაოს საძებნელად წასული აქედან იქ მე არავინ მინახავს“,– ამბობს ზურაბ ბოლშვილი.

სოფელი დვანი ოსურ სოფელ მუგუთს ქარელის რაიონიდან ესაზღვრება. ზაალ ახალკაცი წლების განმავლობაში ცხინვალში პურის მცხობელად მუშაობდა და ახლა დვანში ცხოვორბს, თუმცა საკუთარ სახლში ვერ ღამეს ვერ ათევს, რადგან სახლი სოფლის განაპირასაა, ზედ საზღვართან, სადაც ღამით დარჩენა სახიფათოა. ზაალ ახალკაცი ამჟამად მეგობრის ბინას აფარებს. ცნობა ქართველების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოს ძებნის შესახებ არც მან დაადასტურა. „მე იქ ვმუშაობდი, ჩემზე მეტი ნაცნობი ვის ყავს ოსურ მხარე?! მაგრამ იქით ვერც მე გადავდივარ“,– ამბობს ახალკაცი, თუმცა აქვე იმასაც ამატებს, რომ სარწყავი წყლის მოსაპოვებლად საზღვარი თავადაც არაერთხელ გადაუკვეთავს. „ერთხელ მუგუთელ ქალს წავაწყდით, ბაღში მუშაობდა, გამოველაპარაკეთ, გვკითხა, თქვენს მხარეს რომ გადმოვიდეს ოსი დაიჭერთ თუ არა, საშიშია გადმოსვლაო?“,– გვიყვება ზაალ ახალკაცი.

ოსური მილიციის მიერ ქართველების დაკავების ბოლო ფაქტი გუშინ მოხდა. როგორც შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ამბობს, სოფელ ოტრევიდან გადასული და დაკავებული ადამიანის არც სახლი იცის ჯერ და არც გვარი, რადგან ის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG