ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერის ამერიკული ვიზიტის მთავარი აქცენტები


მამუკა ბახტაძე და მაიკ პომპეო
მამუკა ბახტაძე და მაიკ პომპეო

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის მიღებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გრძელდება. მან ასევე ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა „მზადაა მეტი ინვესტიციებისთვის და მეტი ამერიკისთვის საქართველოში.“

„ჩვენ ასევე მადლიერები ვართ კონგრესის და თეთრი სახლის იმისთვის, რომ დააფასეს ჩვენი უსაფრთხოების დაუყოვნებელი საჭიროებები, ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად დამატებითი დახმარების აღმოჩენით", - თქვა მან.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო, სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გუშინ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება იყო. ამერიკის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში სასამართლო, საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება. მან თბილისს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტის შშენებლობა. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი პომპეოს განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ თბილისმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია
სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია

"მე ადმინისტრაციაში არ ვარ და ცხადია, სახელმწიფო მდივან პომპეოს პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, მგონია, რომ ის ამბობდა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო ჩინეთთან და რუსეთთან, განსაკუთრებით რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ღირებულებები, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი პრესის მხარდაჭერა და გაძლიერება - ის, რომ მთავრობა იყოს თავისუფალი და არ იყოს ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების მიერ მართული, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების გზაზე, არამედ ამერიკასთან ურთიერთობაშიც", - ამბობს კენეტ იალოვიცი.

პრემიერის ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაშინგტონსა და თბილისს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა იყო. განიხილეს ორმხრივი პარტნიორობა და ნატოში ინტეგრაცია. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტის, პიტერ დორანის თქმით, რომ არა პოლიტიკური ბარიერები, თბილისი ალიანსის წევრი იქნებოდა.

"საქართველო ნამდვილად მზადაა წევრობისთვის. რომ არ იყოს პოლიტიკური დაბრკოლება, საქართველო იქნებოდა ალიანსის წევრი. საქართველომ შეასრულა ყველაფერი, რის მიღწევასაც ალიანსი საქართველოსგან ითხოვდა. როგორც ამერიკელს, მე ეს მამხნევებს, რადგან საქართველო ისეთი მოკავშირეა, რომელიც შეერთებულ შტატებს უნდა და სჭირდება დიდი ძალების ამ შეჯიბრის ფონზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს", - თქვა მან.

ქარტიის 10 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლითაც ვაშინგტონი და თბილისი სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის ძირითადი პრინციპების მიმართ ერთგულებას ადასტურებენ.

„2009 წლიდან შეერთებული შტატები და საქართველო თანამშრომლობენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკაში ორივე მხარისთვის სარგებლის მოსატანად. შეერთებული შტატები კვლავაც მიესალმება და მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოში“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 14 ივნისს დასრულდება. პრემიერი მოგვიანებით, ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG