ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის ფურცლებზე


უცხოური პრესის ფურცლებზე
უცხოური პრესის ფურცლებზე

უცხოური პრესის დღევანდელ გამოშვებას ვიწყებთ ელენ ბარის სტატიით „სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის ლიდერი გარდაიცვალა 62 წლის ასაკში,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 30 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სერგეი ბაღაფში, რომელმაც შავი ზღვისპირა ანკლავისთვის - აფხაზეთისთვის - საქართველოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა რუსეთში გაწევრიანების გარეშე, მოსკოვში გასულ კვირას 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსმა ექიმებმა ინტერფაქსის საინფორმაციო სამსახურს მოახსენეს, რომ ბატონ ბაღაფშს ფილტვებზე სიმსივნე ამოაჭრეს და რომ მან ოპერაცია კარგად გადაიტანა, მაგრამ ოპერაციის შემდგომ პერიოდში სირთულეები წარმოიქმნა, რომელიც გულის შეტევით დასრულდა.

ბატონ ბაღაფშის რბილი პირადი მიდგომის მიღმა, მარჯვე მოჭადრაკის სტრატეგიული აზროვნება შეინიშნებოდა. ბაღაფშმა ეს თვისება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ნაციონალისტური არეულობის დროს კარგად გამოიყენა. მართალია ბაღაფში ეთნიკურად აფხაზი იყო, მან ცოლად ქართველი ქალი შეირთო და 1990-იან წლებში აფხაზეთის სეპარატისტული ომის მიუხედავად ცოლის ნათესავებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.

2008 წლის ქართულ-რუსული ომი ბაღაფშის გამარჯვებას წარმოადგენდა რადგან იგი დიდი ხნის მანძილზე ლობირებდა კრემლს რათა რუსეთის მთავრობას აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებინა - წერს ელენ ბარი.

თუმცა სულ მალე იგი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. რუსებმა მყისვე საუკეთესო კერძო საკუთრება ჩაიგდეს ხელში და ენერგეტიკულ და სატრნასპორტო ინფრასტრუქტურას პრივატიზირებას უპირებენ რადგან ამას სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის გამო ბაღაფში კომპრომისზე წავიდა და მას შიდა კრიტიკოსების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდა ვინაიდიან ისინი მას აფხაზეთის აქტივების გაყიდვაში ადანაშუალებდნენ.

‘აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზური საზოგადოება უფრო გაიყო, რაც ბაღაფშისთვის ტრაგედიას წარმოადგენდა. ზოგს რუსეთის მზარდი გავლენა ძალიან აშფოთებს. ისინი აქტივების გაყიდვას ეწინააღმდეგებიან. ისინი ხომ თავის დროზე დამოუკიდებლობის მოძრაობას უდგნენ სათავეში. ხოლო მეორეს მხრივ, არიან ისინიც, ვისაც ეკონომიკური შესაძლებლობა ხიბლავს. შედეგად, ამ ჯგუფების ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება,’ აღნიშნა პიტერ სემნებიმ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილმა წარგზავნილმა, რომელიც ბატონ ბაღაფს არაერთხელ შეხვდა.

ელენ ბარი აგრძელებს: ბაღაფშის სიკვდილის შედეგად აფხაზეთში ხელისუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდება და რუსეთი და საქართველო შემდეგ ლიდერთან პირდაპირი კავშირის დამყარების გამო ერთმანეთს შეერკინებიან. ადრინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სამ თვეში უნდა ჩატარდეს, მთავარი კანდიდატების სიაში ალბათ ‘მრავალვექტორიანი’ საგარეო პოლიტიკისა და თურქეთსა და დასავლეთთან ალიანსების შექმნაში დაინტერესებული პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა, ბატონი ბაღაფშის უახლოესი მოკავშირე ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი ოფიცერი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი რაულ ხაჯიმბა შევლენ,“ - წერს „ნიუ იორკ თაიმსი.“

მიმოხილვას ვაგრძელებთ გრეგორი უაითის სტატიით სათაურით „ხოდორკოვსკის საქმეში კრემლმა გამარჯვებას მიაღწია,“ რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 31 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სამშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ უარყო ციხეში მყოფი ყოფილი ნავთობის მაგნატის მიხაილ ხოდორკოვსკის სარჩელი, რომ რუსეთის სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო ფინანსურ მაქინაციებსა და გადასახადებისგან თავიდან აცილებაში პოლიტიკური მიზეზების გამო. თუმცა იმავე გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხოდორკოვსკის საქმის წარმართვისას ბევრი მნიშვნელოვანი დარღვევა დაუშვა.

მოსამართლეთა შვიდწევრიანმა ჯგუფმა, რუსი მოსამართლის ჩათვლით, აღნიშნა, რომ მართალია ხოდორკოვსკის საქმემ შეიძლება ‘გარკვეული ეჭვი გამოიწვიოს,’ სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ‘პირდაპირი და უდავო’ მტკიცებულება იმისა, რომ ხოდორკოვსკის გასამართლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ ხოდორკოვსკის სხვა მოთხოვნები დააკმაყოფილა. მაგალითად, სასამართლომ ხოდორკოვსკის არაკანონიერი დაკავების ფაქტი და ციხეში მისი ცუდი მოპყრობა დააფიქსირა. სასამართლომ რუსეთის მთავრობას კომპენსაციისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით 24,543 ევროს გადახდა დააკისრა. ამას გარდა, რუსეთის სასამართლოებს აღმოჩენილი დარღვევების გათვალისწინებით ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში გარკვეული შესწორებების შეტანა მოუხდებათ, თუმცა ადვოკატების ცნობით, ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება,“ ნათქვამია „უოლ სტრით ჯორნალში.“

XS
SM
MD
LG