ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის რამოდენიმეჯერ გადადებული მიმართვა


ყოველწლიურ მოხსენებას პოლიტპატიმრებს, მათ მხარდამჭერებს და პრეზიდენტის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიური მიმართვა საქართველოს პარლამენტში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილი დაბრკოლებების შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გააკეთა. მის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ქვეყნის დედაქალაქში მზარდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრეზიდენტის მოხსენების დრო და ადგილი რამოდენიმეჯერ შეიცვალა.

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი გამოსვლა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ბიბლიოთეკის შესასვლელთან პროტესტის გამოსახატად მისულ პოლიტპატიმრებს, მათ მხარდამჭერებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტებისთვის პოლიციამ უსაფრთხო დერეფანი მოამზადა, თუმცა პრეზიდენტის მხარდამჭერები სხვა მხრიდან გამოჩნდნენ, სწორედ იქიდან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი. მინისტრის განცხადებით, მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ეს პროვოკაცია იყო და რომ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულებული ინციდენტი შეგნებულად იყო მოწყობილი.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა რეზიდენციიდან გააკეთა და ის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი შეხლა-შემოხლის თაობაზე გამოთქმული „შეშფოთებით“ და „გულისტკივილით“ დაიწყო. გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფუნდამენტურ განსხვავებებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებად პარლამენტთან. მთავარ უთანხმოებებს შორის დასახელდა: „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის სხდომების გადმოტანის საკითხი და ამნისტია, რომელმაც, მისი თქმით, ციხეებიდან „სეპარატისტები“ გაათავისუფლა.

შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. დასასრულს კი განაცხადა, რომ პარლამენტის წევრთა სურვილის შემთხვევაში, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მზად არის კანონმდებლების წინაშე სიტყვით მაინც გამოვიდეს.
XS
SM
MD
LG