ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეომ საქმიანობა აშშ-ის დიპლომატების გამხნევებით დაიწყო


მაიკ პომპეომ სახელმწიფო მდივნის ფიცი დადო, 2 მაისი, 2018
მაიკ პომპეომ სახელმწიფო მდივნის ფიცი დადო, 2 მაისი, 2018

შეერთებული შტატების ახალ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რომელმაც პირობა დადო, რომ ამერიკის დიპლომატიურ უწყებას ძველ ხიბლს დაუბრუნებს, დეპარტამენტის თანამშრომლები ენთუზიაზმით დახვდნენ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანმა თქვა, რომ პომპეოს ცოდნისა და უნარების უნიკალური კომბინაცია აქვს. “ჩვენ ტანკის მეთაური გვყავს, რომელმაც ჰარვარდის იურიდიული სკოლა დაამთავრა”, თქვა მან.

სალივანმა თქვა, რომ პომპეო შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისთვის ძლიერი ოპონენტი იქნება.

ახალმა სახელმწიფო მდივანმა მოვალეობის შესრულება სენატის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ის ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მანამდე გაემართა, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ ოფისს ნახავდა, რომელიც შენობის მეშვიდე სართულზე მდებარეობს.

“როგორც [სენატის წინაშე] ჩვენების მიცემისას ვთქვი, მეშვიდე სართულზე ვეცდები რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარო,” თქვა პომპეომ და დასძინა, რომ აპირებს საზღვარგარეთ ბევრი იმოგზაუროს და ამერიკელ დიპლომატებს მეტი ძალა მისცეს.

“შეერთებული შტატების დიპლომატიური კორპუსი მსოფლიოს ყველა კუთხეში უნდა იყოს და ამ ქვეყნის სახელით საკუთარ მისიას ასრულებდეს და ჩემი თავმდაბალი და გულახდილი ძალისხმევა ამ მიზნის მიღწევაში თქვენთვის დახმარების გაწევაა,” თქვა პომპეომ.

სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პომპეო ახალ თანამშრომლებს არაფორმალურად გაესაუბრა და მათთან სელფებიც გადაიღო. ეს მისი წინამორბედი რექს ტილერსონისგან დრამატულად განსხვავებული დამოკიდებულებაა.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ნაილ გარდინერი ამბობს, რომ პომპეო დიპლომატიის აქტიურ მეთოდებს მიმართავს.

“ჩემი აზრით, მსოფლიო სცენაზე ის გაცილებით აქტიურად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე რექს ტილერსონი იყო. მაიკ პომპეოს, ვფიქრობ, პრეიდენტთან ახლო ურთიერთობა აქვს,” თქვა გარდინერმა.

პოლიტიკური მიმომხილველი ტომას ჰილი კი ამბობს, რომ პომპეოს არაერთი რთული ამოცანა ექნება შესასრულებელი.

“ვიტყოდი, რომ მას [სახელმწიფო დეპარტამენტის] არა მხოლოდ აღდგენა, არამედ მოდერნიზება დასჭირდება. ამ ფონზე კი, მას მოუწევს სააგენტოთაშორისო ბრძოლაში მონაწილეობა, რომელიც აუცილებლად წამოიჭრება. ამ ყველაფრის პარალელურად კი რიგით პრობლემებს, საერთაშორისო დიპლომატიის საკითხებს - ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რუსეთს და ა.შ. - უნდა გაართვას თავი.”

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად ეწვია და მაიკ პომპეოს მიერ ამერიკის პირველი დიპლომატის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. სახელმწიფო მდივნის ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG