ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა


გაეროს გენერალურ დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა რუსეთთან მიმართებაში. რა გზავნილები იყო საქართველოს დეოკუპაციის საკითხსა და სამშვიდობო ინიციატივების მხრივ? პრემიერის გამოსვლის შესახებ თეა თუაშვილი ნიუ-იორკიდან მოგვითხრობს.

"საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები", ასე დაიწყო თავის გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც გაეროს ტრიბუნაზე გამომსვლელებს შორის ხუთშაბათს, რიგის მიხედვით მეცხრე ლიდერი იყო. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა თბილისის დროით შუაღამისას იყო ჩანიშნული და დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო, წელს პრემიერ-მინისტრი ტრიბუნასთან დილის 11 საათზე, ნიუ-იორკის დროით, უკვე იდგა.

ირაკლი ღარიბაშვილი: "ნება მომეცით მივმართო აფხაზებსა და ოსებს! ძმებო და დებო, ჩემი ღრმა რწმენით, არავის არ შესწევს ძალა გადაწეროს ისტორია და ამოშალოს ჩვენი საერთო წარსული. ყველა ცდა, რომელიც მიმართული იქნება ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულვებელყოფისა და ჩვენი ერების დაშორებისაკენ, იქნება წარუმატებელი. თქვენ ისარგებლებთ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც მოიტანს საქართველოს მზარდი ეკონომიკა და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ისტორიული კანონზომიერება მოითხოვს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს. იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი კეთილდღეობის თანაზიარი გახდებით."

ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზ და ოს ხალხს გაეროს ტრიბუნიდან მეორედ მიმართა. შეიცვალა თუ არა ამ ადამიანების ბედი გასულ წელს, ისევ გაეროს გენერალური დებატების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის მიმართ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი: "სამწუხაროდ, გაეროში ჩემი ბოლო გამოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა სოხუმსა და ცხინვალთან ეგრეთ წოდებულ „ინტეგრაციის შეთანხმებას“. მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს, დე-ფაქტო მთავრობებმა ახლახან მიიღეს დამატებითი ზომები, რომლებიც კიდევ უფრო ლახავს ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ასევე დამსხვრეულია იმედები და ოცნებები იმ ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლისა, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ჩემი მთავრობა აცნობიერებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამ მიზნით, ჩვენ გადავდგით კონსტრუქციული და კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებებით, ყველგან და ყოველთვის, სადაც ეს შესაძლებელი იყო. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველი სამხედროების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა, სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხი-რომელიც დემოკრატიას და თავისუფალ არჩევანს იმსახურებს, ბიზნესის კეთების სიმარტივე, ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა, ტურიზმის განვითარება, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა- ოცწუთიან სიტყვაში პრემიერი მოკლედ შეეხო ამ საკითხებს და ასევე ქართველ რაგბისტებს ახალ ზელანდიასთან დღევანდელ თამაშში წარმატება უსურვა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე აფასებენ.

გიორგი კვირიკაშვილი: "პრემიერ-მინსიტრის გამოსვლა იყო ინფორმატიულიც, ემოციურიც, გაჟღერდა უმნიშნელოვანესი მესიჯები, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავზე ისევ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით, ის, თუ რა ჰუმანიტარული მდგომარეობაა საოკუპაციო ზოლში, კონფლქიტის გასწვრივ.

კახა იმნაძე: მე მგონი, რაღაცა გარკვეული პროგრესი არის. ქვეყნის განვითარება, და საქართველოს წონა იზრდება გაეროში. გარკვეული პროგრესი გვაქვს ჩვენი რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობაშიც, ქვეყნის ცნობადობა უფრო გაიზარდა. ეს აქტივობა, ეს მესიჯები, რომელიც გაჟღერებული არის ხოლმე უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის იმიჯისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი პოლიტიკური გამოსვლა გაეროში დასრულდა. კიდევ ერთი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და გაეროს გენერალური მდივანი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

XS
SM
MD
LG