ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონალური კონფლიქტის მოგვარების გზები


ფილიპინებში ახალი ავტონომიური ერთეული იქმნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ფილიპინების მთავრობა იუწყება, რომ მათ მუსლიმ ამბოხებულებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ჭარბობს, ახალი ავტონომიური ერთეული იქმნება. დაპირისპირება თითქმის ორმოცი წლის წინ დაიწყო და ის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ამბოხებულ მუსლიმებს მიაჩნდათ, რომ მინდანაოს პროვინცია ტრადიციულად მხოლოდ მათი წინაპრების კუთვნილება იყო და ფილიპინების რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

ათეულობით წლის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტში 120 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო დროს მიმდინარე სამშვიდობო ხელშეკრულებების ახალმა რაუნდმა, რომელიც კუალა ლუმპურში გაიმართა, როგორც იქნა წარმატებას მიაღწია. შეთანხმება მოხდა და სამხრეთში მცხოვრები მუსლიმები დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაცვლად ფართო ავტონომიას დასჯერდნენ.

„ეს ნიშნავს, რომ ის ხელი, რომელსაც აქამდე იარაღი ეჭირა, დღეიდან მიწის დამუშავებას, პროდუქტის გაყიდვას, ოფისის მაგიდებს დაუბრუნდება და დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობას გაუღებს კარს“ - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა ბენინო აკინომ.

ქვეყნის ლიდერმა კვირას მოსახლეობას ეროვნული ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღეში დედაქალაქ მანილაში ხელს მოაწერს საბოლოო შეთანხმებას მოროს ისლამური თავისუფლების ფრონტთან. პრეზიდენტი აკინოს აზრით, ხელშეკრულება ფილიპინებში ბოლოს და ბოლოს ნანატრ მშვიდობას დაამკვიდრებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის მოროს ისლამურ ფრონტთან და დანარჩენ მცირე ზომის ისლამურ ჯგუფებთან დაახლოვებას.

წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ახალ ავტონომიურ რეგიონს ბენგსამორო ერქმევა. მასში ცენტრალური ძალაუფლების ლიმიტებიც არის დაწესებული. კუალა ლუმპურის მოლაპარაკებებზე ასევე გადაწყდა შეიქმნას გარდამავალი კომისია, რომელშიც 15 ადამიანი შევა და რომელიც 2015 წლამდე ახალი ავტონომიური ერთეულის უფრო კონკრეტულ კანონმდებლობას შეიმუშავებს.

ბენგასამოროს საკუთარი, დამოუკიდებელი ბიუჯეტის წყარო და საგადასახადო სისტემა ექნება. რეგიონში დაიხვეწება სამოქალაქო სასამართლოს სისტემა. შარიათის კანონი არამარტო მუსლიმ მოსახლეობაზე, არამედ მთელ ავტონომიაში გავრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების იურისდიქციაში გადავა რეგიონალური თავდაცვა და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები, სავალუტო სისტემა, მოქალაქეობის, ვიზების დარეგულირება და საფოსტო სისტემა.

მინდანაოს რეგიონს ნოყიერი ნიადაგი აქვს და ხორბლით მთელ ქვეყანას ამარაგებს. ის მინერალური რესურსითაც საკმაოდ მდიდარია. რეგიონში უხვად არის სპილენძი და ოქრო. თუმცა, ხანგრძლივი ომების შედეგად ფილიპინების სამხრეთ ნაწილი განვითარებას ჩამორჩა და ამ ტერიტორიისგან ინვესტორებიც შორს იჭერდნენ თავს. მოროს ისლამური თავისუფლების ფრონტის ვიცე-თავმჯდომარე, გაზალი ჯაფარი ამბობს, რომ შეთანხმებით ძალიან კმაყოფილია, მაგრამ სამომავლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას ელის.

„ხალხი ერთ ღამეში ელის ცვლილებებს. არა მგონია ამის შესაძლებლობა არსებობდეს. მხოლოდ დროშიც არ არის საქმე, მათი საბოლოო შედეგების მოლოდინიც იმაზე მეტია, ვიდრე რეალურად პრობლემების გადაწყვეტის გზები“ - აღნიშნავს მუსლიმთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკეთესი შეთანხმების მიღწევის შანსი არ არსებობდა.

ორ მხარეს შორის შეთანხმება 4 წლის წინაც მოხდა, მაგრამ ფილიპინების უმაღლესმა სასამართლომ რამდენიმე პუნქტი არაკონსტიტუციურად სცნო. ამან მუსლიმი მოსახლეობა ძალზე გაანაწყენა და ახალ დაპირისპირებას მისცა ბიძგი, რომლის გამო დამატებით ასობით ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი დევნილად იქცა.

პრეზიდენტის მრჩეველი სამშვიდობო პროცესებში, სახელმწიფო მდივანი ტერესიტა დელესი ამბობს, რომ აკინოს ადმინისტრაცია მინდანაოს რეგიონში საბოლოო მშვიდობის მიღწევის საქმეში ამჯერად ბევრად უფრო კარგ პოზიციაში იმყოფება. პრეზიდენტის ოფისმა წინასწარი შეთანხმება მედიის ყველა საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტზეც გამოაქვეყნა და მოსახლეობას საჯარო განხილვებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერა 15 ოქტომბერს იგეგმება და ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ის ძალაში 2016 წელს, პრეზიდენტ აკინოს ვადის ამოწურვამდე სრულად შევა.
XS
SM
MD
LG