ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალები - ამერიკის შეიარაღებული ძალების შავი ჭირი


სკანდალს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის დევიდ პეტრეუსის თანამდებობა შეეწირა

შოკისმომგვრელმა სკანდალმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, დევიდ პეტრეუსი იძულებული გახადა დაკავებული პოსტი დაეტოვებინა, ხოლო ავღანეთში შეერთებული შტატების ძალების მეთაურს, გენერალ ჯონ ალენს სირთულეები შეუქმნა. ეს მოვლენა ანალიტიკოსების მსჯელობის საგანი გახდა, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, თუ რამ განაპირობა მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები, უხამსი ურთიერთობები და კრიმინალური ქმედებები, რაც ცოტა ხნის წინ სამხედრო სექტორს შავი ჭირივით მოედო. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, მერედიტ ბიუელი მოგვითხრობს დეტალებზე ვაშინგტონიდან.

ღალატის, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების და სხვა უხამსი ქმედებების გამო, შეერთებული შტატების მაღალი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მოკვლევა გასული წლიდან წარმოებს.

გენერალი ალენი ოთხვარსკვლავიანი გენერლის, დევიდ პეტრეუსის სკანდალში იმავე დღეს გაეხვია. ყოფილი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, უილიამ „კიპ” უორდი, რომელიც ერთ დროს შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობას ხელმძღვანელობდა გადასახადების გადამხდელთა თანხების, სამხედრო ავიალაინერისა და პერსონალის არამიზნობრივი გამოყენების მიზეზით ჩამოაქვეითეს.

„ვფიქრობ, თითოეული ეს ცალკეული შემთხვევა სერიოზულია. ეს უდაოა,” - ამბობს არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, დევიდ მაქსველი, რომელიც ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში უსაფრთხოების პოლიტიკის ფაკულტეტის ასოცირებული დირექტორია. „რასაკვირველია, ახლა გაცილებით მეტი მოკვლევა ხორციელდება და ინფორმაციაც მეტად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე წარსულში. თუმცა, შინაგანი ინსტინქტი მკარნახობს, რომ ანალოგიური შემთხვევები წარსულშიც ხდებოდა და ამ მოვლენებს, სავარაუდოდ, იგივე მასშტაბები ჰქონდა, თუმცა, დღეს ეს უფრო თვალსაჩინოა.”

არმიის გადამდგარმა გენერალმა, დევიდ პეტრეუსმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტი მეუღლის ღალატის ფაქტის გამოაშკარავების გამო დატოვა. გენერალი ჯონ ალენი კი, ერთ-ერთ ქალბატონთან შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის გამო გამოძიების ობიექტი გახდა.

კორი შეიკი სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი და ვესტ პოინტში შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია. მისი თქმით, ათწლეულის მანძილზე მიმდინარე ომებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე.

„ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილება, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ, უკიდურესი გადაღლის და ასევე იმის შედეგია, რომ ძალიან დიდი პერიოდის მანძილზე, ხალხისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ და სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევენ მათ. თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ამართლებს არასწორ არჩევანს,” - განმარტავს კორი შეიკი.

ანალიტიკოსების აზრით, მოხალისე სამხედრო შენაერთებმა, რაც ქვეყნის დაახლოებით ერთ პროცენტს წარმოადგენს, ფორმიანი სამხედროების სამოქალაქო საზოგადოებისაგან განცალკევება გამოიწვია. მათი თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირების ცხოვრების სტილმა, შესაძლოა, არამართებული ქცევა წაახალისოს.

„იმის თქმა, რომ სამხედრო შენაერთების მეთაურები მდგომარეობით ან დაკავებული თანამდებობებით სარგებლობენ, ვფიქრობ, არასწორი შეფასებაა. რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი ასეც იქცევა და ამას ვერ ვუარყოფთ, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა მისიაზეა კონცენტრირებული,” - ამბობს გადამდგარი არმიის პოლკოვნიკი, დევიდ მაქსველი.

შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ასოცირებული პროფესორის, კორი შეიკის თქმით, ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სარდლები შესაძლოა თვლიან, რომ მათ ქცევის წესების უგულვებელყოფის უფლება მოიპოვეს.

„ზოგიერთი მათგანი, რომლებიც გასული ათი წლის მანძილზე რამდენჯერმე იყო დისლოცირებული და ძალიან მძიმე და სახიფათო საქმეს ეწეოდნენ საკუთარი ქვეყნისათვის, მიიჩნევენ, რომ მათ გარდა სხვა არავინ აკეთებს იმაზე უფრო მნიშვნელოვანს ქვეყნისთვის, ვიდრე ისინი. და, პრინციპში, ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ არ გვინდა ისეთი სამხედროები, რომლებიც საკუთარ თავს, როგორც განსხვავებულს და უკეთესს ისე განიხილავენ,” - განმარტავს კორი შეიკი.

ანალიტიკოსების აზრით, ოფიცერთა კონტიგენტის მიმართ გაძლიერებული შემოწმების ფონზე, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა საკუთარ ქმედებებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.
XS
SM
MD
LG