ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა სამხედრო ეთიკის შესახებ საუბრობს


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სამხედრო ეთიკის შესახებ ახალი სწავლების ჩატარება მოითხოვა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა აცხადებს, რომ ამერიკელი გენერლების მონაწილეობით აგორებული ბოლოდროინდელი სკანდალური ისტორიები არ არის სისტემური ხასიათის. მიუხედავად ამისა, ლეონ პანეტამ სამხედრო ეთიკის შესახებ ახალი სწავლების ჩატარება მოითხოვა.

ავღანეთში ამერიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ ალენის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, გენერალ პეტრეუსის სკანდალურმა საქმეებმა თავისთავად აღძრა კითხვები მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცრების ყოფაქცევასთან დაკავშირებით.

„ამერიკის ხმამ" შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლეონ პანეტას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტის დროს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

„რა თქმა უნდა შეშფოთებული ვარ უკანასკნელი მოვლენებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი არ ატარებენ სისტემურ ხასიათს. უბრალოდ, რამდენიმე ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები ერთდროულად გამოვიდა სააშკარაოზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 10 წელზე მეტია ომში ვართ ჩაბმული და ალბათ დადგა დრო, როდესაც სამხედროებს უფრო მაღალი ეთიკური სტანდარტების დაკმაყოფილება მოვთხოვოთ,“ - აცხადებს ლეონ პანეტა.

ლეონ პანეტას ვიზიტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პენტაგონის ახალი სტრატეგიის განვითარებას ისახავს მიზნად, რომელიც ამ რეგიონში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში ვაშინგტონი კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას ტაილანდის მსგავს მოკავშირე ქვეყნებთან.

საკითხავია, როგორ შეძლებს პენტაგონი ამ ამოცანების შესრულებას შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტის შემცირების პირობებში.

ლეონ პანეტას განცხადებით: „პირველ რიგში მე შევახსენე ჩვენს პარტნიორებს, რომ ამერიკას ძლიერი ჯარი ჰყავდა წარსულში, დღესაც ყველაზე ძლიერია და მომავალშიც უძლიერესი სამხედრო ქვეყანა იქნება. სამხედრო ბიუჯეტის შეკვეცის მიუედავად ამერიკა 21 საუკუნეში არ აპირებს წამყვანი პოზიციების დათმობას თავდაცვის სფეროში.“

ლეონ პანეტას და ჰილარი კლინტონის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ეწვევა.
XS
SM
MD
LG