ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე


შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ლიდერები ჩრდილოეთ კორეის მუქარაზე და საერთაშორისო რეაგირებაზე საუბრობენ

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კორეის ნახევარკუნძულზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დარეგულირდა. სიტუაცია გასულ თვეში განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ფხენიანიდან გაეროს სანქციების საპასუხოდ ომის მუქარა გაისმა. ის უმთავრესად სამხრეთ კორეას და შეერთებული შტატების ტერიტორიებს ეხებოდა. ამერიკამ და იაპონიამ ბოლო სარაკეტო გამოცდებს და ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე მუქარას რეგიონში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებით უპასუხეს.

მას შემდეგ ფხენიანს ახალი სარაკეტო გამოცდები აღარ ჩაუტარებია. თუმცა, რეგიონში ყველა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობას ინარჩუნებს და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის. ეს საკითხები, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ქმედება და რეგიონში სიფხიზლის შენარჩუნება ოვალურ ოფისში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიმდინარე დისკუსიების მთავარი თემაა. პრეზიდენტი ობამა სამხრეთ კორეელ კოლეგას თეთრ სახლში მასპინძლობს.

დანიელ რასელი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო თანაშემწე, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ახალ პროვოკაციებს არ გამორიცხავს. მას მიაჩნია, რომ ამერიკამ სამხრეთ კორეასთან არსებული ალიანსი კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს.

ორ მთავრობას შორის არსებული მტკიცე ერთობის გზავნილი ჩრდილოეთ კორეას იმის იმედს დაუკარგავს, რომ პროვოკაციებით რაიმეს მიაღწევს. ფხენიანი დარწმუნდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით ერთიანია და არანაირ კომპრომისზე არ წავა“ - აცხადებს ის.

დანიელ რასელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა დაფიქრდეს შეერთებული შტატების მიერ დიდი ხნის წინ შეთავაზებულ წინადადებაზე და გაეროსთან სანქციების შერბილების საკითხებზე მოლაპარაკება დაიწყოს. გაეროს რეზოლუციების თანახმად, კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება უნდა მოხდეს.

პრეზიდენტის საგანგებო თანაშემწის აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან სიტუაციის დარეგულირებაზე საუბარი ნაადრევია და პოლიტიკურ უმწიფრობად შეიძლება ჩაითვალოს. იმისთვის, რომ მსგავსი დასკვნა გამოვიტანოთ, ფხენიანმა ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, აღნიშნავს ის.

„ნაბიჯები უნდა იყოს ბირთვული პროგრამების დასრულებისკენ და ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისკენ უფრო დამაჯერებლად და ამასთან, შეუქცევადად მიმართული“ - აცხადებს დანიელ რასელი.

ამ საკითხებთან დაკავშირებით სამხრეთ კორეას, შეერთებულ შტატებს და საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილს ერთიანი მიდგომა აქვს.
XS
SM
MD
LG