ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში წინასარჩევნო კამპანია გრძელდება


ოჰაიოს შტატში პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიდერობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე, მიტ რომნი ოჰაიოს შტატში წინასარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ამ შტატში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო მარათონში გამარჯვებისთვის, პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ლიდერობს.

ოთხაშაბათს, ბარაკ ობამამ უნივესრიტეტის სტუდენტებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. ახალგაზრდები და საშუალო კლასის წარმომადგენლები ის ამომრჩევლები არიან, ვინც 2008 წელს პრეზიდენტ ობამას გამარჯვება განაპირობეს. მას წელსაც ამ ხალხის იმედი აქვს.

ოჰაიოს შტატში, სადაც ყოველი მერვე სამუშაო ადგილი ავტოინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, პრეზიდენტი ობამა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩინეთის მიმართ თავის სავაჭრო პოლიტიკას იცავს: „ჩვენ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით ჩინეთის წინააღმდეგ რამდენიმე სავაჭრო დავა მოვიგეთ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ავტომწარმოებლების უფლებებს.“

მიტ რომნის განცხადებით, ობამა ჩინეთის მიმართ დათმობის პოლიტიკას ატარებს, ის კი გამარჯვების შემთხვევაში პეკინზე ზეწოლის გაძლიერებას აპირებს: „ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და თანასწორუფლებიან პარტნიორობას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩინეთს არ მივცემთ ჩვენი გაცურების საშუალებას და არც ჩვენს სამუშაო ადგილებს დავანებებთ.“

ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ოჰაიოს შტატში უმუშევრობა 7,2%-მდე დაეცა, რაც უფრო ნაკლებია ვიდრე მთლიანად შეერთებულ შტატებში. ეს გარემოება პრეზიდენტ ობამას პოზიციებს აძლიერებს.

ტეხასის და კალიფორნიის შტატებში ფულის შეგროვების შემდეგ, მიტ რომნი ოჰაიოს შტატზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბარაკ ობამას. გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ გამოკითხვით ობამა 10%-ით უსწრებს რომნის, „ვაშინგტონ პოსტი“ კი, ობამას 52%-ზე საუბრობს რომნის 44%-ის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელთა კანდიდატს ფლორიდის, ვირჯინიის და პენსილვანიის შტატებშიც უგებს. აღსანიშნავია, რომ არცერთ რესპუბლიკელს არ გაუმარჯვია საპრეზიდენტო მარათონში ოჰაიოს შტატში არჩევნების მოგების გარეშე.

ოჰაიოს შტატი მოსახლეობის რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა ამერიკაში. აქ სოფლის მეურნეობა და მრეწველობა თანაბრად არის განვითარებული. ბარაკ ობამა პრეზიდენტად ყოფნის დროს 29-ჯერ ჩავიდა ოჰაიოში. მიტ რომნი კი, პრაიმერების დროს და 1 მაისის შემდეგ 17-ჯერ ეწვია ამ შტატს.
XS
SM
MD
LG