ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა პრეზიდენტობის მეორე ფაზას იწყებს


ობამა პრეზიდენტობის მეორე ფაზას იწყებს

დღეს პრეზიდენტი ობამა ჰავაიზე გატარებული საახალწლო შვებულებიდან ვაშინგტონში დაბრუნდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენ რობინსონი იუწყება, რომ ბატონი ობამა პრეზიდენტობის მეორე ფაზას იწყებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ პერიოდის მანძილზე თეთრი სახლი შეერთებული შტატების ეკონომიკის გაუმჯობესებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს ყურადღებას. იმავდროულად პრეზიდენტ ობამას მომძლავრებულ რესპუბლიკელებთან გამკლავება მოუხდება. ხოლო საგარეო პოლიტიკის სფეროში მას ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა ელის.

ჰავაიზე ოჯახთან ერთად გატარებული შვებულება ბატონ ობამას სწრაფად დაავიწყდება, როცა იგი ვაშინგტონის უაღრესად დაძაბულ პოლიტიკურ ატმოსფეროს დაუბრუნდება. ბატონ ობამას ძალაუფლების განაწილების ახალი ბალანსი დახვდება, რომელშიც რესპუბლიკელები შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ.

ახალი მოწვევის კონგრესის 112-ე სამუშაო სესია ხვალ დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ რესპუბლიკელებთან მიღწეული საკანონმდებლო კომპრომისების მიუხედავად, პრეზიდენტ ობამას რესპუბლიკელებისგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვა მოუხდება.

წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულმა რესპუბლიკელმა წევრებმა დადეს პირობა, რომ ისინი კონგრესის განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ, რომელიც პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ხსენებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებული დებატები უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. დემოკრატები კი აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონის მთავარ დებულებებს დაიცავენ.

ტელეარხ „ფოქს ნიუსზე“ გამოსვლისას კონგრესმენმა ფრედ აპტონმა, რომელის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის ახალი თავჯდომარე იქნება, აღნიშნა, რომ ხმების რაოდენობა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

„ვფიქრობ ჩვენ საკმარისი რაოდენობის ხმები გვექნება ვეტოს დასაძლევად,“ აღნიშნა კონგრესმენმა ფრედ აპტონმა.

მაგრამ პოლიტიკური ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იმ შეთმხვევაშიც კი თუ რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონმდებლობა გააუქმა, ამგვარ სვლას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება რადგან სენატში დემოკრატები და დამოუკიდებლები კვლავინდებურად 53 ადგილს ანუ უმრავლესობას იკავებენ, მაშინ როცა რესპუბლიკელებს 47 ადგილი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სენატი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს.

ორშაბათს გამართულ პრეს ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რესპუბლიკელები პრეზიდენტ ობამას ჯანდაცის სისტემის რეფორმის მთავარი ასპექტების გაუქმებას შეეცდებიან, ისინი უდავოდ დიდ პოლიტიკურ რისკზე წავლენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა, რომლებსაც ახალი სპიკერი ჯონ ბეინერი გაუძღვება, დადეს პირობა, რომ ისინი ფედერალურ მთავრობაში სახსრების ფლანგვას ბოლოს მოუღებენ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი კალიფორნიიდან დარელ ისა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის უაღრესად გავლენიანი ზედამხედველობისა და მთავრობის რეფომის კომიტეტის ახალი თავჯდომარე იქნება, აღნიშნავს, რომ კომიტეტი ფედერალური მთავრობისა და ობამას ადმინისტრაციის ხარჯებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის დეტალურ გამოძიებას აპირებს.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ იგი არაეფექტური სახელმწიფო პროგრამების შემცირებას არ შეეწინააღმდეგება, მაგრამ მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლებასა და სამომავლო ეკონომიკური აღმავლობისთვის კრიტიკულად მნიშნველოვან სხვა სფეროებში ინვესტიციების დაბანდებას იგი აუცილებლად დაიცავს.

გასულ თვეს გამართულ პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი დებატებისა მას რესპუბლიკელებთან თანამშრომლობის იმედი აქვს.

„ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველას დავანახეთ არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ პროგრესის მიღწევა შეგვიძლია არამედ ის, რომ ჩვენ პროგრესის მიღწევა ერთად შეგვიძლია,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ის, რომ ფედერალური მთავრობის სახარჯო პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებული დებატები ძალიან მწვავე იქნება. ამას გარდა ფედერალური ბიუჯეტის 1.3 ტრილიონ დოლარად შეფასებული დეფიციტისა და დაახლოებით 14 ტრილიონ დოლარად შეფასებული ეროვნული დავალიანების შემცირება ობამას ადმინისტრაციისთვის ძალიან რთულ გამოწვევას წარმოადგენს. პრეზიდენტ ობამას მიაჩნია, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე მზარდი პოლიტიკური ციებცხელების მიუხედავად კანონმდებლებსა და ფედერალურ მთავრობას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შენარჩუნება ამერიკელი ხალხის ინტერესებს შეესაბამება.

XS
SM
MD
LG