საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ობამას ადმინისტრაციას ახლო მომავალში პოლიტიკური პრობლემები გაუჩნდება.
შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნებამდე სულ რაღაც რვა კვირა დარჩა და საზოგადოებრივი აზრის ორი ახალხან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ირკვევა, რომ ამერიკელი ამომრჩევლები უპირატესობას რესპუბლიკურ პარტიას ანიჭებენ, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას და დემოკრატიული პარტიის შეშფოთებას იწვევს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ დემოკრატებს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა მოწევთ.
სატელევიზიო კომპანია „ენ-ბი-სი ნიუსისა“ და გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალის“ ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 39 პროცენტი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას იწონებს. ხოლო 61 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანას არასწორი გეზი აქვს აღებული, და 49 პროცენტს ურჩევნია, რომ რესპუბლიკელებმა დაიბრუნონ კონგრესზე კონტროლი დაიბრუნონ.
მსგავსი შედეგები შეინიშნება გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისა“ და ტელეკომპანია „ეი-ბი-სი ნიუსის“ გამოკითხვაში, რომელმაც ცხადყო, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 46 პროცენტი პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას იწონებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ობამა ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს ამერიკელი ამომრჩევლები, რომ ეკონომიკური გამოცოცხლების ნიშნები სახეზეა, პრეზიდენტისა და მისი პარტიის პოპულარობის დაცემა სწორედ ეროვნული ეკონომიკის სავალალო მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთებით აიხსნება.
თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბევრს ეკონომიკა ადარდებს. გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი არანაკლებ შეშფოთებულია. უფრო მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ ამერიკელ ხალხს პრეზიდენტის პოპულარობის მაჩვენებელი ნაკლებად ადარდებს. მათთვის სამსახურის შოვნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.“
პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკური პარტია ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს. ანალიტიკოსების მზარდი რიცხვის პროგნოზების თანახმად, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატის კონტროლის მიზნით საკმარისი რაოდენობის ადგილებს მოიპოვებენ. ამას გარდა არ არის გამორიცხული, რომ თუ მათ სენატში 10 ადგილი მოიგეს, მაშინ სენატის უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელში აღმოჩნდება.
ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი ჯერარდ ალექსანდერი დასძენს:
„რასაკვირველია ნოემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ზოგადად რესპუბლიკელებსა და განსაკუთრებით კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩევლებს შორის ენერგია და ენთუზიაზმი შეინიშნება, მაშინ როცა პროგრესულად და ლიბერალურად განწყობილ ამომრჩევლებში აპათიურობა და გულგრილობა.“