ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა-სააკაშვილის შეხვედრა ვაშინგტონში


წელს საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან ოც, ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ მერვე წლისთავს აღნიშნავს.

30 იანვარს, თეთრ სახლში ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას, ამერიკელმა ლიდერმა ქებით მოიხსენია საქართველოში ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში განვლილი პროგრესი.

„მე ვფიქრობ, საქართველომ განსაკუთრებით უნდა იამაყოს სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე.“ თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოელის. როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, ძალაუფლების ფორმალური გადაცემა, ქვეყანაში გატარებული რეფორმების კონსოლიდაციას მოახდენს.

საქართველოსა და ამერიკის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. საქართველოში ამერიკული ინვესტიციების, კერძოდ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამებს და კერძო საინვესტიციო კორპორაციის საქმიანობის გაგრძელების პარალელურად, ამერიკა თანახმაა საქართველოსთან ერთად უმაღლეს დონეზე განიხილოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობის საკითხები.

ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მიერ ნატოს ჯარებში გაწეულ კონტრიბუციას ავღანეთში. ამასთან, ქართველ ლიდერთან უმაღლესი დონის შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ამერიკა, პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ასევე მიესალმება საქართველოში დამკვიდრებულ დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის მოდელს.

" ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მეტი პროგრესის პარალელურად, რეგიონის არაერთი ქვეყანა იტყვის, რომ თუკი ეს საქართველომ შეძლო, ჩვენც შეგვწევს ძალა იგივე გავაკეთოთ."

XS
SM
MD
LG