ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ქერი ნომინაციას იღებს


სახელმწიფო მდივნის პოსტზე ის საბოლოოდ სენატმა უნდა დაამკიცოს

პრეზიდენტმა ობამამ მასაჩუსეტის სენატორი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, ჯონ ქერი სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. ის ამჟამად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ჯონ ქერი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის უახლოეს მრჩევლად ითვლება.

ობამას და ქერის დიდი ხანია ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. სწორედ ჯონ ქერიმ გამოიყვანა პირველად ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ფედერალურ არენაზე. მაშინ, 2004 წელს ქერიმ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაცია მიიღო. დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე ჯონ ქერიმ მთავარი სპიკერობის პატივი ილინოისის სენატორს, ბარაკ ობამას მიანიჭა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა დემოკრატი ობამა ეროვნულ ასპარეზზე. მართალია, 2004 წელს არჩევნები რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა მოიგო, მაგრამ მჭერმეტყველების ნიჭით დაჯილდოვებული ბარაკ ობამა შეერთებული შტატების მოსახლეობას კარგად დაამახსოვრდა.

2008 წელს დემოკრატიული პარტიის გაერთიანების მიზნით, პრეზიდენტად არჩეულმა ობამამ სახელმწიფო მდივნის პოსტზე საკუთარი ოპონენტი და არჩევნებზე მთავარი კონკურენტი, ჰილარი კლინტონი დაასახელა. თუმცა, ჯონ ქერი ფაქტიურად გვერდიდან არ მოუცილებია და მას ავღანეთში, პაკისტანში და სუდანში ძალზე საპასუხისმგებლო მისიების ხელმძღვანელობა დააკისრა.
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ჯონ ქერი საუკეთესო არჩევანია და ამის შესახებ მან პრეზიდენტთანაც ისაუბრა. თავად პრეზიდენტი ობამა ჯონ ქერის ახასიათებს, როგორც ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთ საუკეთესო წინამძღოლს.

მამაცურად იმსახურა რა ვიეტნამში, მან კარგად იცის, თუ რა პასუხისმგებლობები აქვს შეერთებულ შტატებს და როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების ბრძნულად გამოყენება, განსაკუთრებით - სამხედრო ძალაუფლების. პირადად გამოსცადა და ესმის ამერიკული არმიის უცხოეთში გაგზავნის აუცილებელი წინაპირობა: მას მკაფიო, კონკრეტული მისია უნდა ჰქონდეს და სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი რესურსიც უნდა გააჩნდეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ჯონ ქერის ამერიკული მართვის პრინციპების ყველა ელემენტის მწყობრად მუშაობის აუცილებლობაც კარგად აქვს გათავისებული.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე ხაზი გაუსვა ჯონ ქერის როლს ვიეტნამთან ამჟამინდელ ურთიერთობაში და იმას, თუ რა მოცულობის სამუშაო გასწია მასაჩუსეტელმა სენატორმა კანონმდებლებთან ერთად, რათა ვიეტნამთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილიყო.

ჯონ ქერის ნომინაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, სიუზან რაისმა პრეტენდენტთა სიიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გავრცელებული აზრით, გაეროს ელჩს გავლენიანმა სენატორებმა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული მცდარი კომენტარი არ აპატიეს. მათ შორის იყვნენ რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი და ლინდსი გრემი, რომელთაც ქერის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოზიტიური რეაქცია ჰქონდათ, თუმცა დიდი ენთუზიაზმითაც არ გამოირჩეოდნენ.

ჯონ ქერის დიდი ხანია ვიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს კარგად გაუძღვება. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი როლი ნომინირების პროცესში მხოლოდ რჩევით და შეთანხმებით შემოიფარგლება. გადამწყვეტი სიტყვა კი სენატში კენჭისყრას ენიჭება“ - აცხადებს სენატორი მაკეინი.

სენატორი გრემი მას ეთანხმება და ამბობს, რომ ქერი პრეზიდენტის ძალზე სოლიდური არჩევანია. „ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ძალიან დიდი ხანია სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ქერი მსოფლიო ლიდერების უმეტესობას იცნობს“ - აღნიშნავს სენატორი ლინდსი გრემი.

ჯონ ქერის ნომინაციის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ამჟამად მყოფი ჰილარი კლინტონის როლზე და მის მიერ დაუღალავად შესრულებულ სამუშაოზეც ისაუბრა. ბოლოს კი აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჯონ ქერისთან მომავალ ურთიერთთანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG