ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ოჰაიოში ჩავიდა. პოლიტიკურად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტატში დემოკრატი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა ექსპერტებმა სტანდარტულ წინასაარჩევნო გამოსვლად შეაფასეს.

კამპანიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად პრეზიდენტმა ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა. კლივლენდის ლორიანის საჯარო კოლეჯში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ბიზნესებს სამუშაო ადგილები გააჩნიათ, მაგრამ კვალიფიცირებული მუშახელის პოვნას ვერ ახერხებენ.

პრეზიდენტი ობამა ოჰაიოს შტატში უმუშევრებსაც შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ უშუალოდ შეიტყო. მათ შორის იყო ყოფილი მეზღვაური, რომელიც ამჟამად სამსახურის საშოვნელად კვალიფიკაციას იცვლის და ახალ პროფესიას ეუფლება. პრეზიდენტმა მათ განუცხადა, რომ უმუშევრებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამართლიანი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება დემოკრატი პრეზიდენტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორ უნდა შევეგუოთ ეკონომიკას, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანია მოგებული და უმრავლესობას ყოველდღიური ხარჯისთვის თავის გართმევა უჭირს? თუ ისეთი ეკონომიკა უნდა ვარჩიოთ, რომელშიც დუანს, ანდრეას, დევიდს და ბრონსონს წარმატების ერთნაირი შანსი აქვთ, სადაც ყველა თანაბარია და ერთი და იმავე წესებით თამაშობს“?

პრეზიდენტ ობამას თქმით წლევანდელ არჩევნებზე დაპირისპირება „ორ კონკურენტულ ხედვას“ შორის იქნება. რესპუბლიკელი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში მდიდართა კლასს საგადასახადო შეღავათებს გაუხანგრძლივებენ. მაშინ, როცა დემოკრატი პრეზიდენტი უფრო მეტად საშუალო კლასის შეღავათებზე იზრუნებს და გადასახადებს მხოლოდ ყველაზე მდიდარ ფენას გაუზრდის.

„იმის მაგივრად მათი შეხედულებები ოდანავ მაინც ზომიერი გამხდარიყო, ვაშინგტონში პრეზიდენტობის ნომინაციის მსურველთა ჩათვლით, ისეთი რესპუბლიკელები გვყავს, რომლებიც მდიდარი სოციალური ფენისთვის კიდევ უფრო მეტი შეღავათების დაწესებას ითხოვენ“.

პრეზიდენტ ობამას კონკრეტულად მიტ რომნი არ დაუსახელებია. ექსპერტების აზრით სწორედ მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი იქნება ნოემბრის არჩევნებზე მისი მთავარი ოპონენტი.

მიტ რომნის ინტერვიუ ოთხშაბათს ოჰაიოს შტატის რადიოეთერით გადაიცა. ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში გამოსვლისას, სწორედ იქ, სადაც დემოკრატთა ყრილობა უნდა გაიმართოს, რომნიმ ობამა ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნაში დაადანაშაულა:

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბარაკ ობამა მოგწონთ, ჩვენ თავს ობამას არჩევის უფლებას ვერ მივცემთ. ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. დროა ისეთი ადამიანი მოვიყვანოთ, ვინც ეკონომიკას აამუშავებს, ამერიკელ ხალხს სამუშაო ადგილებზე დააბრუნებს და მათ ხელფასებს გაუზრდის“.

ვაშინგტონში ჯო ბეინერმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ობამა საარჩევნო კამპანიას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით რესპუბლიკელებთან კონსტრუქციულ მუშაობას:

უკანასკნელი ექვსი თვე მან ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე კამპანიაში გაატარა, იმის მაგივრად, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემატურ გამოწვევებზე ემუშავა“.

პრეზიდენტმა ობამამ ერთდღიანი ტური ამერიკული ავტოინდუსტრიის ცენტრში, მიჩიგანის შტატში დაასრულა. ეკონომიკის ამ წარმატებული დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დემოკრატი ლიდერის მთავარი წინასაარჩევნო კამპანიის მესიჯი ასეთი იყო: ნოემბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში „2008 წელს დაწყებულ საქმეს დავასრულებთ“.

XS
SM
MD
LG