ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ეკონომიკური პოლიტიკა


გუშინ პრეზიდენტი ობამა ახალი წინადადებით წარსდგა ამერიკელთა წინაშე. ინიციატივა მიმართულია აშშ-ში მდარე ეკონომიკის სტიმულისა და როგორც ობამამ აღნიშნა, „რესპუბლიკელთა წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის’’ გამოსწორებისკენ. მან აგრეთვე უარი განაცხადა ამერიკის მდიდარი მოსახლეობისთვის გადასახადების შეღავათების გადავადებაზე , რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო დაწესებული. შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და პრეზიდენტის გამოსვლა სწორედ ამის წინასიტყვაობად შეიძლება ჩაითვალოს.

ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ეს პრეზიდენტის უკვე მეორე გამოსვლაა ეკონომიკის თემაზე. ამჯერად ის ოჰაიოში წარსდგა ამომრჩეველთა წინაშე. პრეზიდენტმა ისაუბრა საგადასახადო წახალისების შესახებ , რომელიც ინვესტორებს ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება და ეს კი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

- იმის ნაცვლად რომ შეიქმნას გადასახადებისგან თავის დაძვრენის ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის გარეთ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს , მე ვთავაზობ მუდმივ საგადასახადო შეღავათებს კომპანიებს, რომლებიც აქ , თუნდაც ოჰაიოში აწარმოებენ თავის საქმიანობას.

მიუხედავად იმისა რომ ადრეულ განცხადებებში ობამამ იმფრასტრუქტურის პროექტებზე 50-ი მილიარდი დოლარის გამოყოფაზე ისაუბრა, ეკონომისტის მარკ ზანდის განცხადებით, ამ ინიციატივებს დრამატული ეფექტის მოხდენა არ ძალუძთ.

- ჩემის აზრით თუ ეს წინადადება მალე დამტკიცებდა ეკონომიკას წაეხმარება, თუმცა ძირითადად სიტუაცია ამით განსაკუთრებულად არ შეიცლება. სამუშაო ადგილების შექმნას რაც შეეხება, აქაც მომავალი 6-12 თვის განმავლობაში დიდ პროგრესი არ იქნება.

პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ რესპუბლიკელები, მათი განცხადებით ხარჯვებით ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა აბსურდულია. ტელეკომპანია ABC-ში გამოსვლისას რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჯონ ბენერმა მკაცრად დაგმო ობამას გადაწყვეტილება, აღარ გაუგრძელოს მდიდარ ამერიკელებს საგადასახადო შეღავათები, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს დაწესდა.

- არ შეიძლება იქონიო ძლიერი ეკონომიკა იმ დროს, როდესაც ზრდი გადასახადებს იმ პირებზე, რომლებმაც ინვესტიციები უნდა ჩადონ და მუშა ხელი დაიქირავონ.

საპასუხოდ პრეზიდენტმა გააკრიტიკა მსგავსი მიდგომა და დასძინა, რომ რესპუბლიკური პარტიის პლატფორმას წარმოადგენს მილიონერებისთვის და დიდი კორპორაციებისთვის გადასახადებისა და კანონების შემსუბუქებას.

- იმ ფონზე როდესაც რესპუბლიკელები საუბრობენ დეფიციტის შემცირებაზე, ისინი ითხოვენ მომავლი 10 წლის განმავლობაში 700 მილიარდი დოლარის შეღავათის გაკეთებას იმ პირებზე, რომლებიც უკვე მილიონერები არიან.

ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნების შესახებ საუბრისას ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკელები მკაფიო არჩევნის წინაშე დგანან: ერთის მხრივ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ წარსული ადმინისტრაციის წარუმატებელ პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ აირჩიონ ნელი ნაბიჯებით წინ მიმავალი პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უკანასკნელ შედეგებს, ამერიკელთა დიდ ნაწილს მიაჩნია რომ წინ მიმავალი გზა ძალზედ ნელი ტემპით მიდის .

XS
SM
MD
LG