ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ეკონომიკა და მომავალი არჩევნები


ამერიკული ეკონომიკა და მომავალი არჩევნები

შეერთებული შტატების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი გამოკვლევა ჩატარდა, რომლის ავტორებიც „ვაშინგტონ პოსტი“ და „ეიბისი ნიუსი“ იყო. გამოკითხულ ამერიკელთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესებულია და ისინი ამაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ობამას აკისრებენ. გამოკითხულთა 40-დან 59 პროცენტი უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უმთავრესი თემა იქნება. გასული კვირის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 9,1 პროცენტია, რასაც ექსპერტები განსაკუთრებულ საშიშ ზღვრად აფასებენ ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის, რომელიც ხელმეორედ აპირებს კენჭისყრას.

„ჩვენ დავსახეთ გზა, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასთან მიგვიყვანს. მაგრამ ჯერ ისევ გვაქვს ჩასატარებელი უზარმაზარი სამუშაო. ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ სწორედ ამაზე ვფიქრობ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ქვეყნის ეკონომიკური ვითარება რესპუბლიკელთა მთავარ თემას წარმოადგენს. მინესოტას ყოფილმა გუბერნატორმა ტიმ პოულენტმა ჩიკაგოში თავისი ეკონომიკური პროგრამა გაახმოვანა, რომელიც როგორც გადასახადების, ასევე ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ითვალისწინებს.

„პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ამერიკული ეკონომიკა მეორე ადგილზე იმყოფება. მე არა,“ - განაცხადა პოულენტმა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პრეზიდენტ ობამას ადვილად შეუძლია ნებისმიერი რესპუბლიკელი კანდიდატის დამარცხება. თუმცა, ასევე გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი შანსი ობამას მეტოქეობისათვის მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორ მიტ რომნის აქვს.

მისისიპის გუბერნატორის ჰეილი ბარბორის თქმით, რესპუბლიკელებისთვის მომავალი წელი შესაძლოა წარმატებული გამოდგეს, თუკი ისინი ყურადღების კონცენტრაციას ეკონომიკაზე გააკეთებენ.

ჯეიმს კარვილი, 90-იან წლებში პრეზიდენტ ბილ კლინტონის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი იყო. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანოს იმის ჩვენებაზე, რომ ის იბრძვის ამერიკელთა სამუშაო ადგილებისთვის, მათი სახლების და ქონების შენარჩუნებისთვის.

„უამრავი საკითხია, რაზეც მას შეუძლია საუბარი. თუმცა ის უნდა გახდეს ადამიანი, რომელიც სახელოებს აიკაპიწებს და იტყვის რომ იბრძვის ყოველდღე, აჩვენებს ხალხს გაკეთებულ საქმეებს და ასევე იმ საქმეებს რაც უნდა გაკეთდეს,“ - ამბობს კარვილი.

ბოლო გამოკითხვის თანამხად, პრეზიდენტ ობამას რეიტინგი 47 პროცენტზე დაბალია. 49 პროცენტი მისი საქმიანობით უკმაყპფილოადა ის კი იმ დროს, როდესაც ალ-ყაიდას ლიდერის ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფონზე მისმა რეიტინგმა ოდნავ აიწია.

ქუინიპიაკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაცია არჩევნების პერიოდში უკვე შორეული მეხსიერების ნაწილი იქნება, და 2012 წლის არჩევნების მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკა გახდება.

ერთიცაა, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1984 წელს მოახერხა არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა 7, 2 პროცენტს შეადგენდა. თუმცა სამმა პრეზიდენტმა, ჯერალდ ფორდმა, ჯიმი კარტერმა და ჯორჯ ბუშმა უფროსმა გამარჯვება უმუშევრობის 6 პროცენტიან ნიშნულზეც კი ვერ მოახერხეს.

XS
SM
MD
LG