ტერორისტული თავდასხმის მუქარის ფონზე შეერთებული შტატების სამხედრო, დიპლომატიური და სადაზვერვო სამსახურები მობილიზებული არიან. ტერაქტის საშიშროების გამო უკვე რამდენიმე ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოები დროებით დაიხურა, გაფრთხილება მიიღეს ტურისტებმაც. უსაფრთხოების საკითხებზე ყურადღების კონცენტრაცია ვაშინგტონში კონგრესის ერთ თვიანი დასვენების დაწყებას დაემთხვევა.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების სამსახურის გუნდის მიერ ჩატარებული რეგულარული საინფორმაციო თათბირების შედეგებს და განახლებულ ინფორმაციებს, ასევე შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარისგან, გენერალ მარტინ დემფსისგან ღებულობს.
ის აცხადებს რომ „არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, და ამაზე გარკვეულ რეაგირებას ახდენენ. საშიშროება ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან მოდის.“
მუსლიმურ სახელმწიფოებსა და მათ სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში შეერთებული შტატების საელჩოები და საკონსულოები დროებით დაიხურა. მათ შორის ეგვიპტეშიც, სადაც შეერთებული შტატების მოქალაქეების დაცვის მიზნით უსაფრთხოების ზომებს ღებულობენ.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა შესაძლო ტერორისტულ შეთქმულებასთან ან დაზვერვის სამსახურების მიერ მიღებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მცირე დეტალები წარმოადგინეს. თუმცა ობამას ადმინისტრაცია როგორც ჩანს ყველა ღონეს ხმარობს რომ აღარ განმეორდეს გასულ წელს, ლიბიაში, ბენღაზიში შეერთებული შტატების საელჩოზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმა. ინციდენტის გამოძიებამ აჩვენა, რომ თავდასხმამდე, შესაბამისი სამსახურების მიერ გაკეთებული გაფრთხილება არ იქნა გათვალისწინებული.
ამერიკის ყველაზე დაცული დიპლომატიური რანგის მქონე პირების უსაფრთხოება, მაგალითად ბაღდადში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოც კი დაუცველია ტერაქტებისგან. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ერაყიდან, ამირ ალ-საადი საუბრობს.
„შეერთებული შტატების საელჩო ერაყში ყველაზე დიდი დიპლომატიური მისიაა მთელს მსოფლიოში თავის პერსონალით და უსაფრთხოების სისტემით, თუმცა ის მაინც არ ითვლება სრულიად უსაფრთხოდ როცა საქმე რაკეტებს და ნაღმტყორცნებს ეხება“ , აცხადებს ამირ ალ-საადი.
შეერთებული შტატების აეროპორტებში, მგზავრები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიემგზავრებიან აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურების გაფრთხილებას მათ მოგზაურობასთან დაკავშირებული გეგმები არ შეუცვლია.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა არსებული სიტუაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას რეგულარულად გაეცნობა. კონგრესს არდადეგები სექტემბერში უმთავრდება, რაც კანონმდებლებს საშუალებას აძლევს ამომრჩევლების მოსაზრებები მოისმინონ საემიგრაციო რეფორმის და ასევე ფედერალური ხელისუფლების მიმართ წაყენებული ბოლო დროინდელი პრეტენზიების შესახებ-ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თვალთვალის პროგრამასთან დაკავშირებით.