ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როკვეი თითქმის მთლიანად განადგურებულია


მოსახლეობა უკვე აღარ კითხულობს - როდის? მათ აინტერესებთ, აღდგება თუ არა როდესმე მათი უბანი

მანჰეტენიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქვინსის სანაპირო ნიუ იორკის ცენტრისგან დრამატულად განსხვავდება. როკვეის დასახლება თითქმის მთლიანად განადგურებულია.

„წარმოუდგენელი სიტუაციაა. სანაპირო დანგრეულია. მაღაზიები - გაცლილი. ყველა საჭმელს, ტანსაცმელს, სითბოს და სინათლეს ეძებს. თითქმის აღარაფერი გვაქვს“- ამბობს ბარტი, რომელიც იქ ცხოვრობს.

მოსახლეებს მიაჩნიათ, რომ მათ უბანს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ.

„დახმარება გვერდზე ისე ჩაგვივლის, აქეთ არ შემოიხედავს. ეროვნული გვარდია ყველგან აყენებს გენერატორებს, ჩემი სახლის გარდა. არავინ გვეუბნება როდის მოვა ავტობუსი, არადა ხალხი სამსახურშია წასასვლელი. პოლიცია აღარაფერს გვატყობინებს. შენობებში მე-10 სართულის ზევით წყალი არ არის და ისინი ელემენტარულად აბაზანას ვერ ხმარობენ. დახმარება გვჭირდება“- ყვება მია, როკვეის მკვიდრი.

დანგრეული სახლების ნარჩენები და ნაგავი, რომელიც მას შემდეგ გროვდება, პირდაპირ ქუჩაში ყრია და გატანას ელოდება. სანაპიროს უმეტესი ნაწილი განადგურებულია.

ადამიანებს თავი როგორღაც მაინც გააქვთ. ტიმი ქუჩაში სახელდახელოდ დანთებულ კოცონზე ქვაბში სადილს ამზადებს.

„საჭმელს პირდაპირ ქუჩაში, ცეცხლზე ვამზადებთ. მზის ენერგიაზე მომუშავე მინი-სადგურები დაგვიყენეს, სადაც ტელეფონებს ვტენით. რა ვქნათ, მინიმალური შემწეობით გადარჩენას ვცდილობთ და ერთმანეთსაც ვეხმარებით“ - ამბობს ის.

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მართლაც არაორგანიზებულად ხდება. ნიუ იორკში საკმაოდ აცივდა და მშრალ საკვებთან ერთად მეტი თბილი ტანსაცმელიც სჭირდებათ. სასმელი წყლის მარაგი ჯერ კიდევ არასაკმარისია.

ბიზნესები, რომელიც გადარჩა, გამნაწილებელ პუნქტებად არის ქცეული. კეტრინი ერთ-ერთი ერთ-ერთი ყოფილი მაღაზიის მფლობელია:

„გული მტკივა და თან სიამაყით მევსება, როცა ვხედავ, როგორი რეაქცია აქვთ დახმარების მოთხოვნაზე გაცემულ ჩემს პასუხზე. უკვე უბნის შენარჩუნებაზეც ზრუნავენ. გული მიჩუყდება “.

თუმცა, მოთმინებასაც საზღვარი აქვს. „გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ ბევრი არ მიკლია“- ამბობს ხანდაზმული მამაკაცი.

როკვეის მოსახლეებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი უბანი ბოლო-ბოლო სახეს შეინარჩუნებს და როდესმე ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG