ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება აშშ-ში


ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება აშშ-ში

იაპონიის მიწისძვრის შემდეგ ამერიკელებს აშშ-ში მდებარე ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოება ადარდებთ

იაპონიაში ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მიმართული ღონისძიებების ფონზე ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების თემა მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის განსჯის საგანი გახდა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სახელმწიფოებს, სადაც ატომური ელექტროსადგურები მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებსა და სეისმური თვლასაზრისით აქტიურ ზონებში მდებარეობს. შეერთებულ შტატებში ამერიკელთა უმრავლესობა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომლებიც კალიფორნიაშია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ორი ატომური ელექტროსადგური კალიფორნიის სანაპიროსთან ახლოს, სეისმიურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ხოლო აღმოსავლეთ სანაპიროზე ნიუ იორკელებს 20-მილიონიანი ქალაქის მახლობლად მდებარე ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ადარდებთ, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი კაროლინ უივერი.

გასულ ოთხშაბათს ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ნიუ იორკიდან 61 კილომეტრში მდებარე ინდიან პოინტის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების წესების გადახედვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ელექტროსადგური მდინარე ჰუძონზე მდებარეობს. ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მუშაობს. გუბერნატორმა ხსენებული განცხადება გააკეთა მას შემდეგ რაც გასულ კვირას ფედერალური მთავრობის ბირთვულმა მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორი მთელს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ობიექტს წარმოადგენს. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ინდიან პოინტის ატომურ ელექტროსადგურზე მიღებულ უნდა იქნას უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიწისძვრის საშიშროების შემთხვევაში ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით.

ადვოკატი ფილიპ მიუსიგასი ბუნების დაცვის არასამთავრობო ჯგუფ „რივერკიპერში“ მდინარე ჰუძონის პროგრამის დირექტორი გახლავთ. ხსენებულმა ჯგუფმა ფედერალური ბირთვული მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიზანია აიძულოს კომისია დახუროს ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგური.

„ამ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი საჩივარი დაგვიგროვდა. ელექტროსადგურზე არაერთხელ დაფიქსირდა ნავთობის დაღვრა, აფეთქებები, არაგეგმიური გამოთიშვები, და რადიოაქტიური წყლის გაჟონვა, რაც მდინარე ჰუძონის თევზზე უარყოფით გავლენას ახდენს,“ - აღნიშნა ადვოკატმა მიუსიგასმა.

მიწისძვრის საშიშროება აგრეთვე დიდ შეშფოთებას იწვევს. ნიშანდობლივია, რომ ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგური სეისმური თვალსაზრისით არააქტიურ რამაპოს ტექტონურ ზღვარზე ააშენეს. ელექტროსადგურის მესაკუთრე კორპორაცია „ენტერჯი“ აღნიშნავს, რომ ობიექტი გათვლილია გაუძლოს 6.1 სიმძლავრის მიწისძვრას. თუმცა 2008 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში მიწისძვრის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება უფრო მძლავრი მიწისძვრა მოხდეს. მეცნიერების გამოანგარიშებით შესაძლო მიწისძვრის სიმძლავრემ შეიძლება 6.1 ან 7 ბალს მიაღწიოს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ხსენებული გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი უონ-იონგ კიმი აღნიშნავს, რომ 6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა ინდიან პოინტის ატომურ ელექტროსადგურთან მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება ყოველ 670 წელს ერთხელ მოხდეს.

„თუ 6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რეაქტორის შენობას ალბათ არაფერი მოუვა, მაგრამ დამხმარე შენობები უდავოდ დაზიანდება, როგორც ეს იაპონიაში მოხდა,“ - დასძინა უონგ-იონგ კიმმა.

გასულ ოქტომბერს ბირთვული მრეწველობის ექსპერტმა პოლ ბლანჩმა ფედერალურ ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას ოფიციალური თხოვნით მიმართა, რათა კომისიამ გამოიძიოს ორი გაზსადენის უსაფრთხოება, რომელიც ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურასთან სულ რაღაც 150 მეტრშია გაყვანილი. საბოტაჟი, მცირე დაზიანება ან უმნიშვნელო მიწისძვრა საკმარისი იქნება, რომ გაზსადენზე მძლავრი აფეთქება მოხდეს, აღნიშნა ბლანჩმა თავის წერილში. ექსპერტის აზრით გაზსადენის აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ბევრ სისტემას დააზიანებს და რადიოაქტიურობის „მნიშვნელოვან“ გაჟონვას გამოიწვევს.

ბირთვული მარეგულირებელი კომისია ამჟამად ბლანჩის წერილს იხილავს. მიმდინარე წლის მანძილზე მოსალოდნელია, რომ კომისია ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორის შემდგომ ფუნქციონიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ორი რეაქტორის ამჟამინდელი ლიცენზია 2013 და 2015 წლებში იწურება. იმ შემთხვევაში თუ კომისიამ ინდიან პოინტის ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორის შემდგომი ფუნქციონირება დაამტკიცა, გაიცემა ახალი 20-წლიანი ლიცენზია.

XS
SM
MD
LG