ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში კორეის მუშათა პარტიის ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობის მსვლელობისას უკვე გაირკვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის შვილი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ხსენებული დანიშვნა ძალაუფლების გადაცემის პროცესში გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს. მაგრამ ანალიტიკოსები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის შემდეგი ლიდერის უკან პოლიტიკურ ძალაუფლებას კიმ ჩენ ირის და და მისი ქმარი დაეუფლებიან.
ჩრდილოეთ კორეაში მათ სამეფო წყვილს უწოდებენ. კიმ იონგ ხი და ჩანგ სონგ ტექი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ირთან ყველაზე დაახლოებული პირები არიან.
მიმომხილვებელი აღნიშნავენ, რომ კიმ ჩენ ირი მის დას კიმ იონგ ხის ჯერ კიდევ ბავშვობაში დაუახლოვდა დედის უდროო გარდაცვალების შემდეგ. ისინი ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის კიმ ირ სენის პირველი ცოლის ბავშვები არიან.
ჩოი ჯინ-ვოკი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მდებარე სამთავრობო ანალიტიკური ორგანიზაცია ეროვნული გაერთიანების კორეული ინსტიტუტის თანამშრომელია. მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეაში, როგორც წესი, ნდობა უშუალოდ ოჯახურ კავშირებს უკავშირდება. მისი თქმით:
„კიმ იონგ ხი შედარებით ახალგაზრდა ქალია. იგი ოთხი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. კიმ იონგ ხი და კიმ ჩენ ირი უდედოდ დარჩნენ და მას შემდეგ ისინი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ. კიმ ჩენ ირს მისი და ძალიან უყვარს. ისინი ხომ მარტოობაში იზრდებოდნენ და ამდენად მათი სიახლოვე გასაკვირი როდია.“
64 წლის კიმ იონგ ხი უმეტეს წილად საზოგადოებრივი ყურადღების მიღმაა, მაგრამ მიმდინარე კვირის მანძილზე მან ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერლის წოდება მიიღო და მუშათა პარტიის პოლიტიკური ბიუროს სრული წევრობა მოიპოვა. ხოლო მისი ქმარი, ჩანგ სოგნ ტექი კიმ ჩენ ირის მარჯვენა ხელია. იგი ეროვნული თავდაცვის კომისიის თავჯდომარის მოადგილეა და მუშათა პარტიის პოლიტიკური ბიუროს მონაცვლეობითი წევრია.
ჩრდილოეთ კორეის სპეციალისტი ანდრეი ლანკოვი აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ირმა ძლევამოსილი წყვილი იმ მიზნით აირჩია რათა მათ მის გამოუცდელ ვაჟიშვილს კიმ ჯონგ უნს დაარიგონ და ქვეყნის ლიდერობისთვის მოამზადონ.
„კიმ ჩენ ირის მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვაჟიშვილის ბიძასა და მამიდას რეგენტების როლს შეასრულებენ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება სწორედ მათ დაეკისრებათ,“ აღნიშნა ლანკოვმა.
ჩრდილოეთ კორეის ექსპერტების ერთ ჯგუფს კი მიაჩნია, რომ კიმ ჩენ ირის სიძე ნდობით აღჭურვილი პირი ყოველთვის როდი იყო. ასე, მაგალითად, 2004 წელს იგი პოლიტიკური ასპარეზიდან გაუჩინარდა და წელიწად ნახევრის მანძილზე საერთოდ აღარ ჩანდა. რიუ კილ-ჯაი ვაშინგტონში მდებარე ვუდროუ ვილსონისს სახელობის მკვლევართა საერთაშორისო ცენტრში მუშაობს. მისი თქმით, ჩანგ სონგ ტექი დასაჯეს იმის გამო, რომ მას საკუთარ მომხრეებთან პირადი კავშირები ჰქონდა, რაც ჩრდილოეთ კორეაში პოლიტიკური თამაშის წესების უხეშ დარღვევას ნიშნავს. ამასთან დაკავშირებით რიუ კილ-ჯაიმ აღნიშნა:
„იგი დააქვეითეს და დაბალ და დამამცირებელ თანამდებობაზე გადაიყვანეს. შემდეგ კი იგი ისევ მაღალ თანამდებობაზე დანიშნსეს. ხოლო კიმ ჩენ ირის ინფარქტის შემდეგ კი მან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა.“
ჩანგ სონგ ტექი ახლა კიმ ჩენ ირთან ყველაზე დაახლოებული პირია. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მაღალჩინოსნები პირად და პოლიტიკურ ურთიერთობებს საზოგადოების ყურადღებისგან იცავენ და დასავლელი ანალიტიკოსები საკუთარ დასკვნებს ძირითადად ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული ჩინოვნიკების მონაყოლზე დაყრდნობით აკეთებენ.
ფხენიანში მიმდინარე მუშათა პარტიის ყრილობა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში ერთიანობის პირველ საჯარო გამოცდას წარმოადგენს. მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იქნება არა მმართველი ოჯახის შიგნით არსებული დაძაბულობა არამედ ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის მმართველ პარტიასა და ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის.