ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მდგომარეობაა კორეის ნახევარკუნძულზე


სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ არასოდეს აღიარებს ჩრდილოეთ კორეას, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, იუნ ბიონგ-სეი სეულში გამართულ შეხვედრაზე აცხადებს, რომ ფხენიანის მხრიდან მომავალი ომის მუქარა თანდათან უფრო დივერსიფიცირებული, ხშირი და ძლიერი ხდება. ფორუმის ორგანიზატორები ერთ-ერთი სამხრეთ კორეული გაზეთი და ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრი (CSIS) გახლდათ.

მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ კორეა უპრეცედენტო ხარისხის „ფსიქოლოგიური ომის კამპანიას“ აწარმოებს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამხრეთ კორეა გააგრძელებს ნდობის შენების პროცესს, რომელიც არ დაუშვებს არანაირ დათმობას მეზობელ ქვეყანასთან და არც მისი ლიდერებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, იუნ ბიონგ-სეი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის მოთმინებასაც საზღვარი აქვს.

„მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას და მათ პროვოკაციებზე ადეკვატურ პასუხს უზრუნველვყოფთ“ - განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იმავე ბრიფინგზე სიტყვით შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი, რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი გამოვიდა. მან ჩრდილოეთ კორეის მუქარა შეაფასა, როგორც „გლობალური ხასიათის მქონე საფრთხე“ და არა საშიშროება, რომელიც „რაკეტების რადიუსის მანძილით შეიძლება გაიზომოს“.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. სენატორი ლუგარი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ობამას ადმინისტრაციის ე.წ. „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა აღარ შეიძლება არსებული ფორმით გაგრძელდეს.

სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა პრობლემის თავიდან აცილების საშუალება ხდება და ამ შეცდომას შესაძლოა პოლიტიკური შედეგი მოჰყვეს. ობამას ადმინისტრაციამ მოკლევადიან შედეგებს უფრო ფხიზელი თვალით უნდა შეხედოს და გრძელვადიანი სტრატეგიაც უნდა დასახოს, თუნდაც ეს ერთგვარი რისკის შემცველი იყოს“- აღნიშნავს რიჩარდ ლუგარი და დასძენს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის შესაჩერებლად ახალი, საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რათა იმ სავაჭრო კომპანიების მოქმედება შეიზღუდოს, რომლებიც „ბირთვული გამდიდრების და სარაკეტო ტექნოლოგიების გავრცელებას უწყობენ ხელს“.

მაიკლ გრინი, რომელიც გასულ წლებში აზიის და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობდა, თვლის, რომ სანქციების გამკაცრება ჩრდილოეთ კორეის ახლანდელი ლიდერების ქმედებას დიდად არ შეცვლის. და ამის მთავარ მიზეზად პრეზიდენტ კიმ ჩენ ირის მთავრობის პოლიტიკას ასახელებს, რომელსაც ანალიტიკოსი „სტალინისტური თეოკრატიის და კრიმინალური საწარმოს ჰიბრიდს“ უწოდებს. და რომელიც „საკმაოდ მგრძნობიარეა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაემხოს“.

მისი კოლეგა სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრიდან, ვიქტორ ჩა, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსალოდნელი არასტაბილურობისთვის სამზადისი ახლავე უნდა დაიწყოს. ფხენიანში ლიდერებმა, მათ, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნია, საკუთარი თავი „ისეთ კუთხეში გამოამწყვდიეს, რომლისგანაც ვეღარ გამოვლენ“.

საუკეთესო ვარიანტში ისინი ამ გალიის კედლების ნჯღრევას დაიწყებენ, მაგრამ არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელსაც ადამიანთა დაშავება ან დაღუპვა მოჰყვება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუთხეში სამუდამოდ დარჩებიან და პროვოკაციებს არ გააგრძელებენ“ - აცხადებს ვიქტორ ჩა.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რიჩარდ არმიტაჟი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ არჩევანი მასობრივი განადგურების იარაღს და რეჟიმის შეცვლას შორის უნდა გააკეთოს.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული და შორი რადიუსის მქონე რაკეტები გამოსცადა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები დაარღვია, ბოლო დღეებში რამდენიმე მოკლე რადიუსის სარაკეტო გასროლა მოხდა. ორივე, სეული და ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბოლო 6 გასროლა ფხენიანის საერთაშორისო ვალდებულებებს არ სცდება.
XS
SM
MD
LG