ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ამერიკაში ყველგან ხელმისაწვდომი არაა, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის „ციფრული განსხვავება“ დიდია, თუმცა ამერიკის დედაქალაქიდან 4 საათით დაშორებულ პატარა ქალაქ გრინ ბენკში ინტერნეტზე წვდომა საერთოდ არ აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ.

ამ ქალაქში მსოფლიოში უდიდესი რადიო ტელესკოპია განლაგებული, რომლის სრული მართვაც შესაძლებელია. სწორედ ამ ტელესკოპის გამო ქალაქში და მის უშუალო სიახლოვეს ყველა იმ მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს წარმოქმნის, აკრძალულია. მათ შორის მიკროტალღოვანი ღუმელისაც.

ასე რომ გრინ ბენკში ჩასულ სტუმრებს გზის გასაკვლევად ძველებურად, საგზაო ნიშნებზე დაკვირვება სჭირდებათ. რადგან "ჯიპიესები" ქალაქთან მიახლოებისთანავე გაფუჭებული მუხრუჭებივით იწყებს ხმაურს და გამოუსადეგარი ხდება.

ქალაქში ტელესკოპის გარდა ორი ეკლესია, დაწყებითი სკოლა და ბიბლიოთეკაც ფუნქციონირებს.

შერი ქალაქში ყველაზე დიდი მაღაზიის მენეჯერია და ამბობს, რომ მისთვის, როგორც აქ დაბადებული მოსახლისთვის, ინტერნეტის არქონა პრობლემა არაა და ეს სავსებით ნორმალურია:

„ჩვენ ნამდვილად განწხვავებულები ვართ. ბევრი ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ წარსულში დავრჩით, მაგამ ჩვენთვის ეს უბრალოდ ცხოვრების წესია, ჩვეული წესი, ის, როგორც ვცხოვრობთ და როგორც ყოველთვის ვცხოვრობდით“, - ამბობს შერი.

მისი მაღაზიის კედელზე ნამდვილი არტეფაქტი კიდია: სადენიანი ტელეფონი. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითიც გრინ ბენკის მოსახლეებს ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ, რადგან მათ სმარტფონების თუ უბრალოდ მობილური ტელეფონების გამოყენება არ შეუძლიათ.

გრინ ბენკში დრო თითქოს გაჩერდა, აქაურობა დაახლოებით 1950-იან წლების ამერიკას მოგაგონებთ. ეს არის 33 000 კვადრატული კილომეტრიანი „სიჩუმის ზონა“, რომლის სიახლოვესაც ტელესკოპის გამო, ფიჭური კავშირგაბმულობის ანძებიც კი არ დგას. თუმცა ადგილობრივებს ეს ყველაფერი საერთოდ არ აწუხებთ, რადგან დარეკვა ქუჩის რამდენიმე ფასიანი ავტომატური ტელეფონიდან არის შესაძლებელი.

რაც უფრო უახლოვდებით ტელესკოპს, მით უფრო მკაცრდება შეზღუდვები. გრინ ბანკის ობსერვატორიის ირგვლივ რადიო-მართვის ნებისმიერი მოწყობილობა, სათამაშოც კი აკრძალულია. ამ წესების დარღვევა მკაცრად ისჯება. რადიო სიხშირის ტექნიკოსი ჯონა ბაუსერმანი ობსერვატორიის „ტექნიკური პოლიციელია“. თუკი ის რაიმე უცნობ სიგნალს აღმოაჩენს, ინსპექტირებას იწყებს: მიდის ამ სიგნალის წყაროსთან და აკრძალულ მოწყობილობას ეძებს, ამბობს, რომ მისი ტექნიკა საშუალებას იძლევა დაიჭიროს უსუსტესი სიგნალიც კი, რომელმაც შესაძლოა ტელესკოპზე გავლენა მოახდინოს.

თავად ტელესკოპთან მომუშავე მეცნიერებიც კი სპეციალურ ოთახში მუშაობენ, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ ატარებს.

„წარმოიგდინეთ წყალქვეშა ნავი, რომელშიც წყალი ვერ შედის, აი ასეა ეს ოთახიც - ელექტრული წყალქვეშა ნავია, რომელშიც ვერანაირი ელექტრომაგნიტური ტალღა ვერ შეაღწევს“, - ამბობს მაიკლ ჰოლსტინი, ობსერვატორიის ოფიცერი.

ამ მეცნიერთა მთავარი საქმე სწორედ ისაა, რომ გარესამყაროს გავლენა რადიო ტელესკოპზე მაქსიმალურად შეამცირონ. ზოგიერთი „აკრძალული მოწყობილობის
გამოყენება მხოლოდ კვირაში ერთხელაა ნებადართული, ისიც მაშინ როდესაც სისტემატური, წინასწარ დაგეგმილი შემოწმება-შეკეთების სამუშაოები ტარდება.

მეცნიერების თქმით, ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მას ჩვენთვის უცნობი სამყაროდანაც შეუძლია სიგნალების მიღება.

„ყველა სიგნალი, რომელსაც ახლა ტელესკოპის დახმარებით ვიღებთ, კოსმოსური ობიექტებიდან მომავალი სიგნალია: ვარსკვლავებიი, გალაქტიკები. თუმცა ჯერ სხვა ცივილიზაციიდან „არაფერი გაგვიგია“, - ამბობს მეცნიერი რიჩარდ ლინჩი.

ადგილობრივები მეცნიერთა საქმეს პატივს სცემენ და ამბობენ, უკაბელო ინტერნეტის არქონა მათ ბედნიერებას ხელს საერთოდ არ უშლის.

როცა ჩვენ მეგობრებთან შეხვედრა გვსურს, სადენიანი ტელეფონით ვურეკავთ მათ, ეკრანის წინ ჯდომის ნაცვლად, ჩვენ ვსაუბრობთ, დავდივართ სათევზაოდ, მთაში,“ - ამბობს შერი, ადგილობრივი მცხოვრები. ახალი ამბების გასაცნობად ისინი ყოველკვირეულ ადგილობრივ გაზეთს კითხულობენ, ტელეფონის ნომრებს ჩვეულებრივ სატელეფონო წიგნაკში ეძებენ, ქალაქში ერთმანეთსაც თითქმის ყველა პირადად იცნობს.topstory

Facebook Forum

XS
SM
MD
LG