ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტის თაობაზე მოკვლევა გრძელდება


ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ცარნაევების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში შეხვედრებს მართავდა

რუსეთში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, ამერიკის დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში, ვერ აღმოაჩინეს ისეთი მკაფიო გადაცდენა, რომ ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქება მათთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ექვსკაციანი დელეგაცია მოსკოვში იმ მისიით ჩავიდა, რომ დაედგინა, თუ რამდენად შეიძლებოდა 15 აპრილს ბოსტონში განხორციელებული ტერაქტის აღკვეთა. მარათონზე აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

დელეგაციას კალიფორნიის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ევროპის, ევრაზიის და მოსალოდნელი
საფრთხეების ქვეკომისიის თავმჯდომარე დანა როჰბაჩერი ხელმძღვანელობდა.

დანა როჰბაჩერი: ჩვენ ბევრჯერ გვკითხეს, გვჯერა თუ არა, რომ ბოსტონის მარათონის ტერაქტის აღკვეთა შეიძლებოდა. ჩვენი პასუხია, რომ აქ არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არ შეიძლებოდა, რომ სხვაგვარად მოქცევის შემთხვევაში საფრთხე აგვერიდებინა.

ამერიკულ დელეგაციას მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. დემოკრატი ვილიამ კიტინგი მასაჩუსეტის შტატიდან აცხადებს, რომ მას იმ წერილის ასლი აჩვენეს, რომელიც რუსულმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის ფედერალური გამოძიების სამსახურს გამოუგზავნა. წერილი 2011 წლის მარტით არის დათარიღებული და მოცემულია დეტალური ინფორმაცია ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილ ტამერლან ცარნაევთან დაკავშირებით.

კიტინგმა განაცხადა, რომ წერილში სხვა მონაცემებთან ერთად დართულია ცარნაევის დაბადების თარიღი, მისი მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე დედამისის სკაიპის სახელი. კიტინგის თქმით, რუს კოლეგებს სჯერათ, რომ ბომბების აფეთქების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუკი შეერთებულ შტატებში მოსკოვიდან გადაგზავნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ.

როჰბაჩერი აღიარებს, რომ ცივი ომის ყოფილ მტრებთან უკეთესი თანამშრომლობით ტრაგედიის აცილება შეიძლებოდა.

დანა როჰბაჩერი: ყველაფერთან ერთად რომ ყოფილიყო თანამშრომლობის უფრო მაღალი ხარისხი, სიტუაცია მთლიანად სხვაგვარი იქნებოდა. მე ვთვლი, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო მაღალი დონის თანამშრომლობით, საფრთხის თავიდან აცილებას მაინც შევძლებდით.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს და ცენტრალური დაზვერვის სამსახურს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს ბოსტონის ტერაქტის ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით. ვაშინგტონი კი იმის მტკიცებას აგრძელებს, რომ ზოგიერთი ინფორმაცია რომელიც მათ მიიღეს, ბევრ უზუსტობას შეიცავდა. არასწორად იყო მიწოდებული ეჭვმიტანილთა გვარებიც.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს ირონიულად განუცხადა, რომ მოსკოვი სამწუხაროდ არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას ცარნაევების ოჯახის შესახებ და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ვერ შეძლო ვაშინგტონისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

თუმცა, ამჯერად მოსკოვმა და ვაშინგტონმა ანტიტერორისტულ სფეროში უკეთესი თანამშრომლობის პირობა დადეს.
XS
SM
MD
LG