ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარატოგა-სპრინგსში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა


სარატოგა-სპრინგსის არტ-ფესტივალი

ნიუ-იორკის შტატის კულტურის ცენტრად აღიარებულ ქალაქ სარატოგა-სპრინგსში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც პირველად მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები. ფესტივალზე ფერწერული ტილოები, ვიზუალური არტი, ქანდაკება ამერიკაში სამი წლის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ "მადატარტმა" წარადგინა, რომლის არტ-კურატორი მარიტა დამენიაა. ფესტივალში ნიუ-იორკში არსებული წამყვანი და მაღალი კლასის გალერეები მონაწილეობენ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ნიუ-იორკის შტატის ჩრდილეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სარატოგა სპრინგსი ხელოვნების, გართობის, მინერალური და სამკურნალო წყლების, სპა-სალონების მოყვარულებს იზიდავს. შეძლებული ადამიანები ამ ქალაქში გოლფის სათამაშოდ, საჯირითოდ და დოღზე დასასწრებადაც ჩადიან. არტ-ფესტივალი "აღმოაჩინე" ქალაქის კულტურის ცენტრში იმართება. როგორც ორგანიზატორები ამ ფესტივალის ანოტაციაში წერენ, ეს არის განსაკუთრებული დანიშნულების ადგილი საუკეთესოთათვის თანამედროვე და ვიზუალურ არტში. აქ ქართველი მხატვრების - ეთერ და გოჩა ჭკადუას, ცირა ახობაძის, ნესტან ჯოლიას, მაია ჯიმშელეიშვილის და პაპუნა დაბრუნდაშვილის ნამუშევრები და სკულპტურა ნიუ-იორკში არსებული არტ-კომპანიის "მადატარტის" სახელით გამოიფინა. მარიტა დამენიამ, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელი და არტ-კურატორია, ამ მიმართულებით საქმიანობა ნიუ-იორკში სამი წლის წინ დაიწყო.

მარიტა დამენია: ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს ფესტივალი, რომ ახალი სივრცე მომესინჯა მანჰეტენის შემდეგ. არ ყოფილა მოთხოვნა, რომ მხოლოდ ერთი მიმართულების ან მიმდინარეობის ნამუშევრები ყოფილიყო. შერჩევა ხდება, რათქმაუნდა, თავიდანვე თანხმობას არავინ გეუბნება. უნდა გააგზავნო მონაწილეების სია, მათი ბიოგრაფიები, ნამუშევრები, ვისი წარმოდგენაც გინდა. გავგზავნე და სავსებით დააკმაყოფილა არტფეარის დამფუძნებელი. წარმოდგენილია 40 გალერეა, მათ შორის ძალიან ცნობილი გალერეები, რომლებიც ჩელსის და მანჰეტენის წინა რიგებში არიან. ძალიან დიდი კომპანიებია. საინტერესოა, რომ ჩემი პატარა კომპანია, რომელიც სულ სამი წელია ნიუ-იორკის ბაზარზე არის ასეთი დიდ კომპანიებთან და გალერეებთან ერთად არის წარდგენილი.

ამ ცნობილ გალერეებს შორის არის ემანუელ ფრემინის, ასევე "ბუტს" გალერეა, სადაც ქართველ მხატვრებს სხვადასხვა დროს სოლო და ჯგუფური გამოფენები აქვთ გამართული. მონაწილეებს შორის არიან ამერიკელი და უცხოელი არტისტები. ქართული გვარები წელს პირველად ამ ფესტივალთან დაკავშირებით გამოცემულ სპეციალურ კატალოგშიც გამოჩნდა. მათგან მხოლოდ მაია ჯიმშელეიშვილი ცხოვრობს საქართველოში, ხუთივე მხატვარი ნიუ-იორკში წლების წინ ჩამოვიდა და იმიგრანტი ხელოვანია. მხატვარი ცირა ახობაძე ამერიკაში 2002 წლიდან ცხოვრობს და პერიოდულად ნიუ-იორკის გალერეებთან თანამშრომლობს.

ცირა ახობაძე: სარატოგა სპრინგსი ძალიან პოპულარული ქალაქია და ძალიან პოპულარული არტ-ფესტივალია. ძალიან მაღალი დონის მხატვრები იფინებიან და აქ მონაწილეობა ჩემთვის უკვე მიღწევაა.

მოქანდაკე პაპუნა დაბრუნდაშვილი "მადატარტთან" თითქმის პირველივე გამოფენიდან თანამშრომლობს. ის ინტერიერის დიზაინზე მუშაობს, სადაც სოლიდური ქვის დამუშავება უწევს. ამბობს, რომ მას ქანდაკების მასალით ხშირად ეხმარებიან თავის სამსახურში.

პაპუნა დაბრუნდაშვილი: მარიტას გამოფენებში მონაწილეობა გარკვეული სტიმულიც არის. მე თან სამსახურში ვმუშაობ და თან ქანდაკებებს ვაკეთებ თემატურად. ჩემი აზრით, ყველა ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია გამოფენებში მონაწილეობა.

არტ-ფესტივალში მონაწილე მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვაც შეუძლიათ. აქ წარმოდგენილი ნახატების ფასი საკმაოდ მაღალია. მყიდველებს შორის ხელოვნების მოყვარულები, კოლექციონერები და შეძლებული ფენის წარმომადგენლები არიან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG