ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლოვდება პრემიერის, პრეზიდენტის ვიზიტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში


25 სექტემბერს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ვიზიტს 27 სექტემბერს დაიწყებს.

25 სექტემბერს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს მთავრობის სხვა წევრების ვიზიტი ნიუ-იორკში. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო 70-ე სხდომაზე სიტყვით 1 ოქტომბერს გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან და საქართველოს პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან.

ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკის ბოჰემურ ჩელსის უბანში, "ჩელსი-მარკეტის" დარბაზში გამოფენას "აღმოაჩინე საქართველო" დაესწრება, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენის მთავარი იდეაა ამერიკელებმა ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მხატვრების, ქართველი მეწარმეების და ბიზნესმენების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებით უკეთ გაიცნონ საქართველო.

გაეროს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა "2015 წლის შემდგომი განვითარების ფორუმზე"და მონაწილეობა გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის საკითხების კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ესწრებიან. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს დედამიწის დაცვის და კლიმატის ცვლილებების წინაღმდეგ ბრძოლის შესახებ სამიტში, ასევე ბილ კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიურ კონფერენციაში.

28 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის სახელით გამართულ მიღებას, ხოლო საღამოს, პრეზიდენტ ობამას და მისი მეუღლის სახელით გამართულ ყოველწლიურ ვახშამს დაესწრება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელის მუშაობაშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს არის პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებული სამიტი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის და გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შეხვედრა, ასევე პირისპირ შეხვედრა თურქეთის პრემიერთან აჰმად დავუთოღლუსთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან, ასევე რამდენიმე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

დატვირთული სამუშაო პროგრამა და არაერთი შეხვედრა აქვს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ნიუ-იორკში 27 სექტემბერს ჩამოფრინდება და მხოლოდ დღე ნახევრით რჩება. ოფიციალურ შეხვედრებს პრეზიდენტი თავის უცხოელ კოლეგებთან, 28 სექტემბერს გაეროს შენობაში გამართავს. დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი კონექტიკუტის შტატში სანაპირო დაცვის აკადემიაში მიემგზავრება, სადაც ქართველ კადეტებს შეხვდება. ქართველი ლიდერი პატივს მიაგებს გაზაფხულზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კადეტების ხსოვნას და ესტუმრება მათი ხსოვნის მემორიალს.

დაგეგმილია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდება, სადაც ის შეხვედრებს გამართავს ამერიკის კონგრესში, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და ექნება გამოსვლა ვილსონის ცენტრში.

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდება.

პრეზიდენტის დელეგაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან.

პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვიზიტები შეერთებულ შტატებში 2 ოქტომბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG