ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უჩვეულო ნაძვის ხე


სილვერ სფრინგის საახალწლო ნაძვის ხე სხვა დანარჩენებისგან მკვეთრად გამოირჩევა, ის მხოლოდ სათამაშოებით არის აწყობილი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00
ბმული
სად არ ნახავთ ამ დღეებში ნაძვის ხეს, მთავარ საახალწლო სიმბოლოს: სახლებში, დაწესებულებებში, ეზოებში, თუ ცენტრალურ მოედნებზე. მერილენდის შტატის ქალაქ სილვერ სფრინგში მდგარი ათმეტრიანი ნაძვის ხე მათგან მკვეთრად გამოირჩევა. ის არც ბუნებრივი, წიწვოვანი მცენარეა და არც ნეილონის. სათამაშოებით გაკეთებულ ნაძვის ხეს სილვერ სფრინგში მცხოვრები შელანი კემპბელი და ლორენ ფლემინგი თითქმის ყოველ დილით ნახულობენ.

„გამორჩეული ნაძვის ხეა, ასჯერ რომ ვნახო, გულგრილად მაინც ვერ ჩაუვლი. ძალიან საინტერესო იდეაა - სათამაშოების ნაძვის ხე“- ამბობს შელანი.

„ალბათ ჯობია კიდეც ნამდვილ, ტრადიციულ ნაძვის ხეს“ - დასძენს ლორენი.

„განსაკუთრებით მისი წვერი მომწონს, უცნაურად მხიარული და ლამაზი. ვინც არ უნდა იყოს, ყველას ღიმილს გვრის“ - ეს სუზან ჯენკინსია, ადგილობრივი ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი. მისმა ორგანიზაციამ რამდენიმე ხნის წინ არატრადიციული საახალწლო ნაძვის ხის კონცეფციაზე კონკურსი გამოაცხადა. მხატვარმა კარლ იუნაშმა ის მაშინათვე მოიგო.

„მან შეძლო ყველასათვის საყვარელი და ტკბილი მოგონებებით სავსე სათამაშოებით ნაძვის ხე გაეკეთებინა. დღესასწაულს შინაარსითაც უკავშირდება და გარეგნობითაც. ყველა ნაძვის ხისგან გამორჩეულია“ - ამბობს სუზანი.

თავად ავტორის თქმით, მას რაიმე ძალიან ფერადის შექმნა სურდა. ნამუშევარს „თამაშის ზეიმს“ უწოდებს და ამბობს, რომ ხის აწყობა ძალიან გასართობი, თუმცა, არც ისე იოლი პროცესი იყო. კარლს მინესოტას შტატში „სკაიპის“ მეშვეობით ვესაუბრეთ.

„ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც სწორი მათემატიკური გათვლა იყო. იდეის რეალიზება ისე უნდა მომხდარიყო, რომ სამგანზომილებიანი კონუსის ფორმა არ დარღვეულიყო. არც სათამაშოების არჩევა იყო იოლი პროცესი. უბრალო მასა არ მინდოდა ყოფილიყო, ისეთი, რომ ვიზუალურად დეტალები ერთმანეთს არ შერწყმოდა“ - ყვება კარლ იუნაში.

სათამაშოების ნაწილი თვითონ შეიძინა, ნაწილი კი აჩუქეს.
ამ ორიგინალურ ხეს ქალაქში სიკეთის და გულუხვობის განწყობა შემოაქვსო, ასე ფიქრობს ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნეს-ჯგუფის წარმომადგენელი, რეგიონის მარკეტინგის დირექტორი, ლორი იანკოვსკი.

„დღესასწაულის დასრულებისთანავე სათამაშოებს ღარიბ ბავშებს დავურიგებთ“ - ამბობს ის.

ხეს 4 იანვარს დაშლიან და სათამაშოების დარიგებას საქველმოქმედო ორგანიზაცია „გაფართოებული წრე“ ითავებს.

„საშობაო ნაძვის ხეებს მალე ივიწყებენ. ჩვენი ხე კი უფრო დიდ ხანს გაძლებს და უამრავი ოჯახისთვის ლამაზ მოგონებად დარჩება“ - ამბობს ორგანიზაციის დამაარსებელი, მარკ ბერგელი.

სილვერ სფრინგში ამბობენ, რომ ამ ხემ შეიძლება ახალ სადღესასწაულო ტრადიციასაც კი ჩაუყაროს საფუძველი.
XS
SM
MD
LG