წვიმასა და ცუდ ამინდს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანს ახალი, 2019 წლის დადგომა ღია ცის ქვეშ ეზეიმა. მათ შორის იყო სიდნეიც, სადაც ჭექა-ქუხილის მიუხედავად, მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ ყოველწლიური სანახაობა საკუთარი თვალით ენახა.
ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, თაიმს-სკვერზე, სადაც მხიარული უკუთვლის შემდეგ, ზუსტად 12 საათზე, ბროლის ბურთის დაშვება იზეიმეს. წლევანდელი თემა ჟურნალისტთა და თავისუფალი სიტყვის დაფასება იყო. უსაფრთხოებას მეგაპოლისის პოლიცია სპეციალური დრონებით პირველად აკონტროლებდა.
ჯაკარტაში კი დაახლოებით 400-მდე წყვილი ახალი წლის ღამეს დაქორწინდა. ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული.
პარიზის ცენტრშიც, ტრიუმფალურ თაღთან მოწყობილი ფოიერვერკების და სინათლის შოუს საყურებლად, უამრავი ადამიანი გამოვიდა. ანტისამთავრობო გამოსვლებს საახალწლო გართობისთვის ხელი არ შეუშლია.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულშიც, სადაც ფოიერვერკებთან ერთად, ლაზერ-შოუც გაიმართა. ტრადიციულად ზარებსაც შემოჰკრეს.
დუბაიში ფოიერვერკი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობასთან, ბურჯ ხალიფასთან გაიმართა. ახალი გინესის რეკორდის დამყარების მიზნით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფოიერვერკების რადიუსი 12 კილომეტრს აღწევდა.
იაპონიაში ადგილობრივების დიდმა ნაწილმა ახალი წელი ტაძრებში აღნიშნა, ნაწილი კი ცნობილ ამერიკელ ბოქსიორს ფლოიდ მაიუედერსა და იაპონელ კიკბოქსიორ ტენშინ ნასუკავას შორის გამართულ ორთაბრძოლას დაესწრო. ამ ორთაბრძოლაზე რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ფსონები გაკეთდა. მეიუედერმა თქვა, რომ ეს ყველაფერი გასართობი და ძალიან სახალისო იყო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ ყველას აფრთხილებს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე, მზარდ შეუწყნარებლობაზე, გეოპოლიტიკურ დაყოფასა და დაპირისპირებებზე და სოციალური უსამართლობის საკითხებზე. თუმცა გაერო ამბობს, რომ "იმედისმომცემი მიზეზებიც" არსებობს.
Facebook Forum