ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან


ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდა ბრიუსელი

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„ნატო"-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც იგი ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდა.

შეხვედრების დეტალებზე და იმ შთაბეჭდილებაზე, რაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე დარჩა, „ამერიკის ხმა" რასმუსენის სპეციალურ წარმომადგენელს გაესაუბრა.

აპატურაიმ პირველ რიგში აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა. მან აღნიშნა, რომ დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ცვლილება და ძალაუფლების გადაცემა საარჩევნო ყუთის საშუალებით, მშვიდობიანი გზით მოხდა.

აპატურაიმ განსაკუთრებით ხაზი იმ ფარემოებას გაუსვა, რომ საქართველოში ყოფნისას მომსწრე გახდა ისტორიული მოვლენისა, როდესაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენლები საათების მანძილზე ერთად ისხდენ და ქვეყნისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს განიხილავდნენ.

აპატურაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხარე კონსენსუსს აღწევს იმ მთავარ თემაზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება - იქნება ეს კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობა თუ „ნატო"-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. განსაკუთრებით კი, მისი თქმით, დასაფასებელია, რომ ეს სურვილი არა მხოლოდ სამთავრობო წრეებში, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში შეინიშნება.

აპატურაიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს „ნატო"-სთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან.
შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა," - დასძინა აპატურაიმ.

ინტერვიუში აპატურაიმ მოახლოებულ წლიურ ეროვნულ პროგრამაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წელს საქართველო შეფასებული იქნება იმ ტესტის მიხედვით, რომელიც წარმატებით ჩააბარა.

გენერალური მდივნის წარმომადგენელი შეეხო იმ თემას, რომელიც პროგრამის ფარგლებში წარსულშიც იყო განხილული. კერძოდ, სასამართლოს თემას, რომელსაც „ნატო"-მ ყურადღება მიაქცია და პრობლემურ საკითხად მიიჩნია.

აპატურაიმ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის არსებობს პრობლემური საკითხები და წლიური ეროვნული პროგრამის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და მათზე მუშაობაა.

„ჯერ კიდევ მრავალი გასაკეთებელის მიუხედავად, არჩევნების წარმატებით ჩატარება საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. განსაკუთრებით კი, ისეთი რეგიონისთვის, სადაც მოცემული მოვლენა არც თუ ისე ხშირია."

აპატურაიმ თქვა, რომ წინ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადეკვატურად მოხდეს „ნატო"-ს მხრიდან ამ მოვლენის შეფასება და გაანალიზება. კერძოდ კი, ახლოვდება „ნატო"-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რომელზეც „ნატო"-ს ქვეყნები ყურადღებით მოეკიდებიან და განიხილავენ ამ საკითხს.

ინტერვიუს ბოლოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გააგრძელებს არჩეულ გზას რეფორმებისკენ და ერთგული დარჩება იმ გეზის, რომელიც ქვეყანას „ნატო"-სკენ წაიყვანს. ალიანსი კი, თავის მხრივ, მზად იქნება მთავარ საკითხებში გვერდში დაუდგეს საქართველოს.
XS
SM
MD
LG