ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო ვაშინგტონშია


ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო ვაშინგტონშია

ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს დელეგაცია ვაშინგტონში შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ხვდება, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა აჯანყებულთა ამ ორგანიზაციის ლეგიტიმურობა აღიარა.

საბჭოს თავმჯდომარე მუსტაფა აბდულ ჯალი ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველს ტომ დონილონს შეხვდა. ლიბიის ოპოზიციის ლიდერის განცხადებით მათთვის მთავარია პოლიტიკური აღიარების მოპოვება.

ბრიტანეთი ლიბიელ აჯანყებულებს თავდაცვითი სახის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას შეპირდა. ამასობაში ნატოს სამხედრო გემებმა მუამარ კადაფის ერთგული ძალების მიერ ორგანიზებული თავდასხმა მოიგერიეს მისრატას ნავსადგურზე.

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამ ორგანიზაციის მომავლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით: “ნატოს წარსული და მომავალი თავისთავად მეტყველებს ამ ორგანიზაციის შესახებ, როდესაც მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.“

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ლიბიაში სამხედრო ოპერაცია საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ რომ ნატოს საჰაერო დარტყმები მაინცდამაინც დიდი ეფექტურობით ვერ გამოირჩევა. თავად ბატონ რასმუსენს კი მიაჩნია, რომ ნატოს 150 000 ჯარისკაცი მთელს მსოფლიოში ამ ორგანიზაციის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს ღირსეულად ართმევს თავს.

XS
SM
MD
LG