ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო საქართველოს ერთგულებას ხოტბას ასხამს


საქართველოს თემას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც შეეხო

ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები მოხარული არიან ბრიუსელში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მაია ფანჯიკიძის ხილვით და ნატო-საქართველოს კომისიის კონტექსტში მეტ ურთიერთთანამშრომლობას ელიან.

ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ოქტომბერში საქართველომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა, გამართა რა არჩევნები, რომელიც იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, ბატონი რასმუსენის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. მანამდე კი ალიანსი ყველა პარტიას მოუწოდებს გააგრძელონ ერთად მუშაობა, რათა თანაარსებობა წარმატებით განხორციელდეს, გაგრძელდეს აუცილებელი რეფორმების დანერგვა და დაამკვიდრდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები, მათ შორის კანონის უზენაესობის და კონსტიტუციის პატივისცემა - ნათქვამია გენერალური მდივნის განცხადებაში.

მოკავშირე ქვეყნებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საქართველოს წარმომადგენელს, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის.

„საქართველო ნატოს ახლო და საიმედო მოკავშირეა. ახლახან საქართველომ ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილი გააორმაგა და შეიარაღებული ძალებით აისაფში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდა. საქართველო უკვე შეუერთდა ნატოს ხელმძღვანელობით ავღანური ჯარების წვრთნის მისიის დაგეგმარების პროცესს, რომელიც 2014 წლის შემდეგ განხორციელდება. ეს ყოველივე მტკიცე ერგულებაზე მიუთითებს, რასაც ჩვენ ყოველმხრივ მივესალმებით“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ ამისათვის საქართველოს აუცილებელი გარდაქმნების დანერგვის საქმეში დახმარებას გაუწევენ.

ნატოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს თემას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც შეეხო. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით პროგრესის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, შეიარაღებული ძალების რეფორმირების და საერთო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ჰილარი კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში ნატოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე ეს მისი ბოლო დასწრებაა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ალიანსმა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვანი ნაბიჯები განახორციელა, და ამის დასტურად მხოლოდ ბოლო 24 საათიც გამოდგება.
XS
SM
MD
LG