ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი


აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი

აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი

მიმდინარე კვირის მანძილზე კონგრესის შუალედურ არჩევნებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებული დებატები ძირითადად აქცენტირებული იყო საშინაო საკითხებზე, მაგრამ არჩევნები გარკვეულ გავლენას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეც მოახდენს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან იუწყება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკელების უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში ავღანეთში მიმდინარე ომსა და თავდაცვის სფეროში სხვა პრიორიტეტებზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

როცა სამშაბათს ამერიკელი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში გამოცხადდნენ, მათ სადარდებელს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა და მთავრობის დანახარჯების შემცირება წარმოადგენდა.

მაგრამ ოთხშაბათს, როცა რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დააწესეს და დემოკრატების უმრავლესობა სენატში შემცირდა, ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება მნიშვნელოვნად გართულდებოდა.

აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საინფორმაციო ქსელის ანალიტიკოსი ჰეთერ ჰურლბურტი:

„შეერთებული შტატების მთავრობისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთი ხმით ლაპარაკი კიდევ უფრო გართულდება.“

-ციტატის დასასრული-

მისი თქმით, განსკუთრებული დავის საგანი თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი გახდება. წარსულში კონგრესმა ქვეყნის ომის წარმართვის პოლიტიკაზე გავლენის მიზნით ამ ფაქტორის გამოყენება სცადა, მაგრამ ამგვარი ძალისხმევა ყოველთვის წარმატებული როდია.

ხოლო ლექსინგტონის ინსტიტუტის მკვლევარი ლორენ თომპსონი დიდ ცვლილებებს არ ელის. მისი თქმით:

„მოგეხსენებათ, რომ ხაზინის შეზღუდული რესურსების გამო რესპუბლიკელებს თავდაცვაზე უფრო მეტი ფულის გამოყოფა არ შეუძლიათ. ამდენად ახალ კონგრესში თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული დებატების უმრავლესობა სიმბოლური ხასიათის იქნება.“

-ციტატის დასასრული-

ლორენ თომპსონი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნისა და 2011 წლის ივლისში მათი გაყვანის დაწყების თაობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ორივე პარტიის უმრავლესობისთვის მისაღები იქნება.

ერაყთან დაკავშირებით თომპსონს მიაჩნია, რომ მომავალი წლის მიწურულს ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანა კონგრესის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას არ წააწყდება.

მაგრამ ჰეთერ ჰურლბურტის აზრით ირანის საკითხი დებატებს გამოიწვევს.

„კაპიტოლიუმში ირანთან დაკავშირებით ორივე პარტიაში გაცილებით უფრო მტკიცე შეხედულება სუფევს ვიდრე ადმინისტრაციაში. კანონმდებლები ირანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას უფრო ცინიკურად უდგებიან,“ აღნიშნავს ჰეთერ ჰურლბურტი.

ანალიტიკოსები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ახალ კონგრესში ობამას დაპირებას გუანტანამოს საპყრობილის დახურვისა და სამხედრო ძალებში ჰომოსექსუალების მიღების შესახებ დიდი წინააღმდეგობას არ გაუწევენ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან წელს დაგეგმილი კონგრესის ბოლო სამუშაო სესია შეიძლება სამხედრო ძალებში ჰომოსექსუალების მიღების შესახებ კანონის დასამტკიცებლად გამოიყენოს. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მან კონგრესის ბოლო წლევანდელი სესია რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასთან დაკავშირებული ახალი ხელშეკრულების მიღების მიზნით გამოიყენოს. როგორც მოგეხსენებათ ხსენებული ხელშეკრულება ამერიკისა და რუსეთის ბირთვული არსენალების შემცირებას ითვალისწინებს.

ანალიტიკოსები

აღნიშნავენ იმასაც, რომ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი რესპუბლიკელი საკუთარ შეხედულებებს უფრო ზომიერს გახდის.

ჰეთერ ჰურლბურტი დასძენს, რომ ზოგადად შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთოხების პოლიტიკაში კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია.

ალექსანდრე მელიქიშვილი. ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG