ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში ყოველთვიურად სნაიპერის ტყვიით ერთი ჯარისკაცი იღუპება

თითქმის ოცი წლის წინათ შეწყდა ყარაბაღის ომი. 1994 წელს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მას შემდეგ ეს გაყინული კონფლიქტი რეგიონის დესტაბლიზაციის პოტენციურ წყაროდ გადაიქცა. ახალა როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები სანგრებიდან უყურებენ ერთმანეთს, პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქტომბერში აზერბაიჯანში დაგეგმილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ყარაბაღის პრობლემა შესაძლოა ისევ წინა პლანზე წამოწიოს.
შუშას მუსიკალურ სკოლაში მხოლოდ სომხური სიმღერის ხმა ისმის. დღეს ამ ქალაქს და მთლიანად ყარაბაღს სომხები აკონტროლებენ. თუმცა გვერდით მდგარი მიტოვებული მეჩეთი იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც მუსულმანი აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ.
სომხურ ტანკებს ყარაბაღში ქრისტიანული თეთრი ჯვრები ახატია. სომხებმა აქ გამალებული მშენებლობა წამოიწყეს, ვითომ ახლად აშენებულ სახლებს საკუთრების პრობლემის გადაწყვეტა შეეძლოთ.
როგორც ყარაბაღის ეროვნული ყრილობის თავმჯდომარე აშოტ გულიანი ამბობს, მსოფლიოს სომხური დიასპორიდან დიდი დახმარება შემოდის. მისი თქმით:“ დიასპორას მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ყარაბაღის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენი თანამემამულეების დახმარება ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ეკონომიკური პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.“
ყარაბაღის იზოლაციის გასარღვევად ახალი აეროპორტი ააშენეს, თუმცა მისი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან აზერბაიჯანი დაიმუქრა რომ ამ აეროპორტისკენ მიმავალ ნებისმიერ თვითმფრინავს ჩამოაგდებს.
არჩევნების წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყარაბაღს ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი 4 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც სომხეთის მთლიან შიდა პროდუქტზე ოდნავ ნაკლებია.
აშოტ გულიანი შეშფოთებას ვერ მალავს:“ რაც აზერბაიჯანში ხდება, ეს ანტისომხური ისტერია და გამალებული შეიარაღება, ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას უშლის ხელს.“
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში ყოველთვიურად სნაიპერის ტყვიით ერთი ჯარისკაცი იღუპება. როგორც ერევნის რეგიონალური სწავლების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი ამბობს, აზერბაიჯანში მიმდინარე წინასაარჩევნო რიტირიკამ შესაძლოა ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას შეუწყოს ხელი.
მისი თქმით:“ უახლოეს მომავალში რაიმე დიპლომატიურ ან პოლიტიკურ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. ომის განახლების რისკი ძალზე დიდია.“
ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის ალეკსანდრ ისკანდერიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ვერ გაბედავს ომის დაწყებას:“ იქ მაგარი საფორტიფიკაციო ნაგებობებია, რომელსაც სატანკო შეტევის შეჩერებაც შეუძლია. მოწინააღმდეგე დიდ მსხვერპლს ნახავს.“
ყარაბაღში დედაქალაქ სტეფანაკერტში ბავშვები დღესაც ომის მოლოდინში იზრდებიან, რადგან არავინ იცის როდის შეიძლება ეს გაყინული კონფლიქტი ხელახალი ძალით განახლდეს.
XS
SM
MD
LG