ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესდა


ბელორუსის მთავრობის მიერ პოლიტიკური პატიმრების დაკავების, პოლიტიკური აქტივისტების დევნის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა ბელორუსში ოთხ წამყვან კომპანიას.

ბელორუსში, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, ალექსანდერ ლუკაშენკომ ხელისუფლება გაიხანგრძლივა.

ბელორუსის ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ დაწყებული საყოველთაო, მშვიდობიანი პროტესტი ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. ასობით ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბელორუსის მთავრობამ ამის შემდეგაც გააგრძელა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

პროტესტების შემდეგ, 40მდე ადამიანი გაასამართლეს, ბრალი წაუყენეს და ციხეში ჩასვეს. 12 აგვისტოს, აღიარებითი ჩვენებისა და მომავალ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ, ცხრა მათგანი შეიწყალეს. სხვა სიტყვებით, დაკავებულ ადამიანებს, თავისუფლების სანაცვლოდ, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებაზე უარის თქმა აიძულეს. ორივე უფლება გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით არის აღიარებული.

ბელორუსის მთავრობის მიერ გატარებული მოქმედებების საპასუხოდ, ამერიკამ ეკონომიკური სანქციები დააწესა ბელორუსის სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ და ამერიკაში მგზავრობა აუკრძალა მთავრობის კონკრეტულ წევრებს. სახელდობრ, 11 აგვისტოს დაწესებული სანქციები მიზანში იღებს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს "ნაფტანს", "გროდნო აზოტის" და "გროდნო ხიმვოლოკნოს" ობიექტებს და ევროპაში, საბურავების მსხვილ მწარმოებელს "ბელშინას". ყველა აღნიშნული კომპანია ბელორუსის მთავრობის მიერ კუთვნილი ნავთობ და ქიმიური მასალების კონგლომერატის "ბელნეფთეკიმის" მიერ კონტროლირდება.

როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, სანქციები ბელორუსი ხალხის საზიანოდ არ არის მიმართული, არამედ ბელორუსის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული მოქმედებების დაფინანსების წყაროების მოშლას ითვალისწინებს.

ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ ამერიკა ევროპელ პარტნიორებთან გააგრძელებს ბელორუსში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულობის მიზნით ზომებს გაატარებს. ნულანდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელორუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

XS
SM
MD
LG