ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვა წარსულისა და მომავლის გზაგასაყარზე


კორუფციულმა სკანდალებმა მოლდოვის პრო-ევროპული ხელისუფლება შეასუსტა, ასევე გაიზარდა პრო-რუსული პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა, რომლებიც ყოფილ საბჭოთა მოკავშირესთან, მოსკოვთან, უფრო ახლო კავშირებს ემხრობიან. საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ ისევ მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას, თუმცა ამის პარალელურად ჩნდება დემოგრაფიული კრიზისის საწყისები - მოლდოველი ახალგაზრდები ევროპასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში ქვეყანას ტოვებენ.

მოლდოვის პრო-რუსული პარტიები დასავლეთს პრო-ევროპული პოლიტიკოსების კორუფციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და ამით ამართლებენ მოსკოვთან ურთიერთობების განახლების იდეას.

“მოლდოვის სტრატეგიულ ინტერესებში შედის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა და ქვეყნის ინტეგრაცია. ეს მიზნები მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობით მიიღწევა,” ამბობს იგორ დოდონი, სოციალისტური პარტიიდან.

“ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი აღიარებს, რომ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციას საფრთხეს კორუმპირებული პოლიტიკოსები უქმნიან:

“სამწუხაროდ, მოლდოვის ევროპულ გზა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა შეარყია, ამიტომაც აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა საგარეო პარტნიორების ნდობის ხელახლა მოპოვება გვიწევს.”

თუმცა ფილიპი არ იზიარებს შეხედულებას, რომ რუსეთი უკეთეს გზას სთავაზობს.

“ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით მოლდოვამ არჩევანი გააკეთა, ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვის ეკონომიკური განვითარების გზა ევროპულ გზასთან უფრო მეტად მოდის თანხვედრაში” ამბობს ფილიპი.

ევროპულ გზას ის პოლიტიკოსებიც კი ემხრობიან, რომლებიც მოლდოვის სისტემის კორუფციაზე საუბრობენ.

ანდრეი ნასტასე პარტიიდან “ღირსება და სიმართლე” ამბობს: “პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეგრეთწოდებული პრო-რუსული პარტიები ევროპის კავშირის და ევრო-ინტეგრაციის დისკრედიტაციას ახდენენ.”

ირონიულია, რომ ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოლდოვა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა - მოლდოველი ახალგზარდები ქვეყანას ტოვებენ და უკეთესი მომავლის ძიებაში ევროპაში მიდიან.

“რთულია, რადგან ახლა ყველაფერი განვითარების ეტაპზეა. განვითარება სჭირდება ჩვენს დემოკრატიას, თავისუფალ ბაზარს, ყველაფერს, ეს რთულია, მაგრამ არავინ ააშენებს ჩვენს ქვეყანას, თუ არა ჩვენ,” ამბობს ალექსანდრინა რობუ, მოლდოვის ევროპული ახალგაზრდული ასოციაციიდან.

მოლდოვის ახალგაზრდა მეწარმეები მიიჩნევენ, რომ ევროპული კანონდმებლობის და სტანდარტების დანერგვა ქვეყნის კურსს შეცვლის, მაგრამ მანამდე, შესაძლოა, “ძველი გვარდიის” მოშორება გახდეს საჭირო.

XS
SM
MD
LG