ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასწლეულის დეკლარაციის რვა მიზანი


10 წლის წინათ მსოფლიოს 189 სახელმწიფომ შეერთებული შტატების ჩათვლით ათასწლეულის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელშიც კაცობრიობის წინაშე რვა მიზანი იყო დასახული. ამ მიზნებს შორის უმთავრესია სიღარიბის აღმოფხვრა და მესამე სამყაროს ქვეყნებში ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება.

მელანი ვირვიარი შეერთებული შტატების ელჩია ქალთა საკითხებში, რომელიც მიიჩნევს რომ მილენიუმის განვითარების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესია გენდერული თანასწორობის პრობლემის მოგვარება.

ქალბატონი ვირვიარის განცხადებით შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ მისი მოსახლეობის ნახევარი ვერ მიიღებს ამ პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას. შეერთებული შტატების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია ქალთა უფლებების დაცვა და ამ სფეროში ინვესტიციების ჩადება. გლობალური ჯანდაცვის ინიციატივის ფარგლებში შეერთებული შტატები ამ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 63 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს, რომელიც ძირითადად დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებს და ოჯახის დაგეგმარების საკითხებს მოხმარდება.

ქალებს ასევე დიდი ყურადღება ეთმობათ გამოკვება და მომავლის სახელით ცნობილი პროგრამის განვითარებაში, რომელიც სამნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. ქალბატონი ვირვიარის განცხადებით შეერთებული შტატები სიღარიბესთან და შიმშილთან საბრძოლველად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იზრუნებს, რათა ფერმერებს საშუალება ჰქონდეთ საკმარისი საკვებით მოამარაგონ საკუთარი ოჯახის წევრები. ამ კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია ფერმერი ქალებისთვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათ თავისუფლად შესძლონ ბაზრის ცვალებადობაზე თვალყურის მიდევნება და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

სიღარიბის დასაძლევად და ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველსაყოფად ქალთა გააქტიურებაა აუცილებელი. რადგან ხშირად მცირე და საშუალო საწარმოებს სწორედ ქალები ხელმძღვანელობენ, მცირე ბიზნესის განვითარება კი ეკონომიკის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა.

შეერთებული შტატები აფრიკის კონტინენტზე აქტიურად მონაწილეობს ქალთა დახმარების პროგრამებში. გენდერული თანასწორობის ფარგლებში ამერიკა მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციებს, რომელბიც კონფლიქტების რაიონში ქალთა უფლებებს იცავს და მათ სამშვიდობო როლზე საუბრობს. ის საზოგადოება და ქვეყნები, სადაც ქალები მარგინალურ მდგომარეობაში იმყოფებიან ყოველთვის ექსტრემიზმით გამოირჩეოდნენ.

ქალბატონი ვირვიარის განცხადებით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე ვაშინგტონი დიდ ინვესტიციებს აკეთებს ქალთა პროგრამებში, რაც მთელს მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG