ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ოვალურ ოფისში ჯონ მაკეინს შეხვდა


ობამა ოვალურ ოფისში ჯონ მაკეინს შეხვდა

ოთხშაბათს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ ოფისში რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკეინს შეხვდა. ეს იყო ყოფილ მეტოქეთა პირველი შეხვედრა პირისპირ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენ რობინსონი გვატყობინებს, რომ პოლიტიკოსებმა ისაუბრეს რიგ საშინაო და საგარეო საკითხებზე. როგორც მაკეინის პრესმდივანმა განაცხადა, პროდუქტიული შეხვედრა მოიცავდა ახლო აღმოსავლეთის, საემიგრაციო რეფორმის, ვაჭრობის და საბიუჯეტო თემებს.

ურთიერთობა ობამას და მაკეინს შორის საკმაოდ გაცივდა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ობამამ ჯანდაცვის რეფორმის გატარება დაიწყო. მაშინ მაკეინმა პრეზიდენტი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

მას შემდეგ სენატორი მაკეინი აკრიტიკებდა ობამას თითქმის ყველა ნაბიჯს. თუმცა იყო გარკვეული „დათბობებიც“ ურთიერთობაში, როდესაც, მაგალითად, მაკეინმა დაიცვა პრეზიდენტი რიგი ბრალდებებისგან, მათ შორის მისი წარსულის შესახებ.

მკვეთრი პოზიტიური შემობრუნება არიზონის გახმაურებული სროლების შემდეგ მოხდა. დაკრძალვაზე, რომელსაც მაკეინიც ესწრებოდა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს მეტი ცივილურობა და ნაკლები „ქულების დაგროვება“ მართებთ. ახლახანს გამოქვეყნებულ „ვაშინგტონ პოსტის“ კომენტარში კი მაკეინმა აღნიშნა, რომ მართალია იგი არ ეთანხმება ობამას ბევრ პოლისს, მაგრამ მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი „ნამდვილი პატრიოტია და იგი გულწრფელად იყენებს საპრეზიდენტო ვადას ქვეყნის წინსვლისათვის“. ობამას პრესმდივანმა რობერტ გიბსმაც ამასწინათ ხაზგასმით აღნიშნა სენატორ მაკეინის პოზიტიური როლი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში.

როგორც ჩანს ობამას მაკეინი დასჭირდება ახლო მომავალში რესპუბლიკელებთან სამუშაოდ, რომელთაც საკმაოდ შეავიწროვეს დემოკრატთა რიგები აშშ-ის სენატში და სერიოზული უმრავლესობა მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში.

XS
SM
MD
LG